არავითარი მინიშნება არ არსებობს იმისა, რომ ქართველი ჯარისკაცებიც არიან ჩარეული ცენტრალურ აფრიკაში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში, - ამის შესახებ, საფრანგეთის სამხედრო ატაშემ ანდრე ევრარიმ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"მე არ მაქვს ამაზე ცნობა. საქმე გასულ წელს ცენტრალურ აფრიკაში, ფრანგი ჯარისკაცების მხრიდან, ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვის საფუძვლის გაჩენას ეხება. ეს გასულ წელს იყო და საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქმის გამოძიება, რაზეც იუსტიციის მინისტრი და პარიზის ტრიბუნალი მუშაობს. ასე რომ, გამოძიება მიმდინარეობს", - განაცხადა საფრანგეთის სამხედრო ატაშემ.
ფრანგულმა გამოცემებმა სკანდალური ინფორმაცია დღეს გაავრცელეს, რომლის მიხედვით, ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილეობდნენ.
საუბრია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე. ფრანგული მედიის ინფორმაციით, სამხედროები მოზარდებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ. ადგილობრივები ფრანგ ჟურნალისტებს უყვებიან, თუ როგორ ძალადობდა 3 ქართველი სამხედრო 16 წლის გოგონაზე.
პირველად მომხდართან დაკავშირებით გუშინ "The Guardian"-მა დაწერა, სადაც საუბარი იყო გაეროს საიდუმლო ანგარიშზე, რომელშიც მოძალადეებად ფრანგ სამხედროებს მოიხსენიებდნენ. დღეს კი მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ფრანგი ჟურნალისტები საკუთარ რესპონდენტებზე დაყრდნობით ქართველი სამხედროების მხრიდან ბავშვებზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ.