ეჭვი მეპარება, რომ ქართველმა სამხედროებმა ცენტრალურ აფრიკაში დანაშაული ჩაიდინეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, იმ პერიოდში, რა პერიოდიც სახელდება დანაშაულის ჩადენის თარიღად, ქართველი სამხედროები ცენტრალურ აფრიკაში საერთოდ არ იმყოფებოდნენ.
"არც ოფიციალურად, არც სიტყვიერად, ჩვენთვის ფრანგულ მხარეს არ მოუმართავს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჯერ საერთოდ იდენტიფიცირებული არ არის, ვინ იყვნენ ეს ჯარისკაცები. ამბობენ, რომ ეს ხალხი იყო კოალიციიდან, მაგრამ იქ არ არის ლაპარაკი არც ესპანელებზე, არც ქართველებზე, არც იტალიელებზე, არც ფრანგებზე და ა. შ. რომ ყოფილიყო რაიმე შემთხვევა ქართული კონტინგენტის სამსახურის მხრიდან, იქ არსებობდა სამხედრო პოლიცია, რომელიც ვალდებული იყო, ჩაეტარებინა ძიება. იმ თარიღზე, რომელზეც საუბრობენ, იმ დროს საქართველოს შეიარაღებული ძალები ცენტრალური აფრიკის ოპერაციაში არ მონაწილეობდა. ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან. თუმცა 95 პროცენტით ეჭვი მეპარება, რომ ქართველმა სამხედროებმა დანაშაული ჩაიდინეს", - განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, თუ დანაშაული ქართული სამხედრო კონტინგენტის მხრიდან დადასტურდა, მაშინ ყველა ის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, უმკაცრესად დაისჯება.
ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილებდნენ. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სკანდალური ინფორმაცია დღეს ფრანგულმა გამოცემებმა გაავრცელეს.
საუბრია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე. როგორც ირკვევა სამხედროები მოზარდებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.
ადგილობრივები ფრანგ ჟურნალისტებს უყვებიან, თუ როგორ ძალადობდა 3 ქართველი სამხედრო 16 წლის გოგონაზე.
პირველად მომხდართან დაკავშირებით გუშინ თჰე Gუარდიან-მა დაწერა, სადაც საუბარი იყო გაეროს საიდუმლო ანგარიშზე, რომელშიც მოძალადეებად ფრანგ სამხედროებს მოიხსენიებდნენ.
დღეს კი მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ფრანგი ჟურნალისტები საკუთარ რესპონდენტებზე დაყრდნობით ქართველი სამხედროების მხრიდან ბავშვებზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ.