დეპუტატი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მინისტრებთან დაკავშირებით განცხადებას თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს.
"ვერაფერს გეტყვით, რადგან პრემიერ-მინისტრი თავად გააკეთებს განცხადებას. მე დღეს უკვე გავაკეთე კომენტარი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს მთავრობასთან დაკავშირებით ბევრ თემაზე. ამაზე პრემიერი თავად გააკეთებს განცხადებას. როდესაც ხარ პოლიტიკაში, ყველაფერს ეთანხმები", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში შესაძლოა, მინდია ჯანელიძე აღარ მოხვდეს. ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, მინდია ჯანელიძე შესაძლოა, თინა ხიდაშელმა შეცვალოს.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ, 10:00 საათზე დაასახელებს.
როგორც პრემიერმა, გუშინდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, მთავრობაში მხოლოდ ორი ახალი მინისტრი იქნება - სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.