ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძემ სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ „მოქალაქისა“ და საზოგადოება „2030“-ის მიერ ორგანიზებული ეკონომიკური კონფერენცია დატოვა.
„მოვისმინე კონფერენციის პირველი ნაწილი და ვტოვებ მას. ახალგაზრდებს მივცემ დამოუკიდებლად, უფრო თამამად კამათის საშუალებას. მივდივარ, რათა „პატარებმა“ უფრო თამამად იგრძნონ თავი და ღიად ისაუბრონ. ვტოვებ კონფერენციას და გისურვებთ წარმატებულ მუშაობას. ზოგიერთის დარბაზის დატოვებამ კი, ჩვენი ექსპერტები და „პატარები“ გაათამამა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მანამდე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილმა კონფერენციის დატოვებისას რომან გოცირიძეს რეპლიკით მიმართა.
რომან გოცირიძემ ამ საკითხზეც გააკეთა კომენტარი. ჟურნალისტების კითხვაზე, უთხრა თუ არა მას ივანიშვილმა, რომ პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეეკავებინა, გოცირიძემ უპასუხა, რომ ასეთი სიტყვები მას არ უხმარია.
„მას ასეთი სიტყვები არ უხმარია. თქვა, რომ პოლიტიკური კონტექსტი ნაკლებად უნდა ჰქონდეს თქვენს საუბარსო. მინდა ვთქვა, რომ ჩემი საუბრის 99% არის ეკონომიკური, ხოლო პოლიტიკური განცხადებების 1% შეიძლება აშშ-ის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტსაც გაეპაროს“, - განაცხადა გოცირიძემ.
სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ეკონომიკური კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე მონაწილეებს სიტყვით ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მიმართა, ამის შემდეგ კი კონფერენცია დატოვა, რათა მისი თქმით, შესაძლოა, ივანიშვილის დასწრებას პოლიტიკური ელფერი მისცემოდა.