პატრონაჟი პოლიტიკაში: მეტოქეობა საქართველოს ხელოვანთა გამო

პატრონაჟი პოლიტიკაში: მეტოქეობა საქართველოს ხელოვანთა გამო


მაშინ, როდესაც მედია წყაროების უმეტესობა ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე აკეთებს აქცენტს, ის უფრო დიდი ხანია ხელოვნების მთავარი მფარველია. ბრიტანი ფაიფერი იკვლევს იმას, თუ როგორ აქცია ივანიშვილის ახალმა პოლიტიკურმა ამბიციებმა ხელოვნება პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებელ ბრძოლის ველად. 

თვეზე ოდნავ მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ სადავო გადაწყვეტილება მიიღო. მან კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, არამედ იმ ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების დაფინანსებასაც კრძალავს, რომლებიც პოლიტიკასთან „პირდაპირ თუ არაპირდაპირ“ კავშირში არიან. კანონპროექტის კვალდაკვალ კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ განაცხადა, რომ ამიერიდან თეარტები, მხატვრები და მსახიობები კერძო პირებისგან შემოწირულობას ვეღარ მიიღებენ, რადგან ეს ფაქტი შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც პოლიტიკური მოტივაციის მქონე დაფინანსება. ბევრმა მალევე აღნიშნა, რომ პრივატულ ქველმოქმედებაზე დაწესებული ეს სახელმწიფო ემბარგო, ოპოზიციაში ახლად მისული ბიძინა ივანიშვილის ალაგმვის მცდელობა იყო და არა ხელოვნების სფეროს ალაგმვის მცდელობა ქვეყანაში, სადაც ხელოვნებას ძლიერ აფასებენ. რურუას განცხადებამ დისკურსიც შეცვალა, მას შემდეგ, რაც თვეების განმავლობაში მთავრობა, როგორც ჩანს, მერყეობდა ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერის ჩაძირვის მცდელობებსა და მისი პოლიტიკური სვლების დისკრედიტაციას შორის. რურუას თამამი განცხადება არა მხოლოდ იმას უსავმს ხაზს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხელოვანთა წრე საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისათვის, არამედ გასაგებს ხდის წლების წინ გაჩენილ სხვადასხვა ჰიპოთეზას ადგილობრივ სახელოვნებო და თეატრალურ სფეროებში ივანიშვილის ჩართულობის თაობაზე.

სანამ ივანიშვილი პრეზიდენტის პოსტზე თავის კანდიდატურას წამოაყენებდა, მისი ბიოგრაფია (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის) უფრო მითს ჰგავდა, ვიდრე ფაქტს. იდუმალებით მოცულ მილიარდერზე, რომელიც ქართულ სოფელში, დიდ სახლში ცხოვრობდა, ამბობდნენ, რომ მთელს რაიონს ამარაგებდა უფასოდ მაცივრებით, ტელევიზორებითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით. ჭორები დადიოდა იმაზე, თუ როგორ მოაგროვა მან ქონება და რატომ სძულდა ასე საჯაროდ გამოჩენა. ხელოვნების სფეროში კი, მისი როლი მითად იყო ქცეული. ჟურნალ Prospect- ში 2010 წლის გამოქვეყნებულ ფოტოზე ხაზგასმულია ფუფუნება (ნუთუ მის ზურგს უკან ზებრებია?) თუმცა, შესაძლოა ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებაზე უფრო მომხიბვლელი ის ფაქტი იყო, რომ იგი სავარაუდოდ ბევრ ქართველ ხელოვანსაც ეხმარებოდა. [1] ამბობენ, რომ ის თბილისის მრავალი საკონცერტო და თეატრალური დარბაზის განახლების უკან დგას და ფართოდაა ცნობილი, რომ მისი ფულადი სახსრებით აშენდა „სამება“ – უზარმაზარი საკათედრო ტაძარი თბილისში. ბევრი ადასტურებდა იმასაც, რომ იგი დამატებით სტიპენდიას უხდიდა ხელოვნების მუშაკებს, რომელთა თვიური შემოსავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, 200 დოლარი იქნებოდა.

ხელოვნებისადმი ივანიშვილის ფინანსური ერთგულება საქვეყნოდ ცნობილი გახდა 2006 წელს, ნიუ-ორკში, აუქციონზე – მაშინ მან პიკასოს ნამუშევრებში ბევრად უფრო ძვირი გადაიხადა, ვიდრე ეს ნამუშევარი რეალურად ღირდა. ხელოვნების უძვირფასესი ნამუშევრის შეძენა, ალბათ ძნელად მოჰგვრის ვინმეს შოკს. განა რა დაგიმკვიდრებს იმაზე უკეთ ნუვორიშის სახელს, ვიდრე ის ფაქტი, რომ არტ აუქციონზე ყველას გააოგნებ. იმ მომენტში, როდესაც მან პიკასოს 1941 წელს შექმნილი ნამუშევარი, „დორა მაარი კატით“ $95 მილიონად შეიძინა, ის საერთაშორისო რადარზე შემოიპარა და თანაც არა მხოლოდ სიმდიდრის გამო. ვამბობ შემოიპარა-მეთქი, რადგან თვეები გავა, სანამ საინფორმაციო წყაროები შეძლებენ ივანიშვილის დაკავშირებას „რუსულად მოლაპარაკე“ იმ კაცთან (ის ყველას გამოგზავნილი მყიდველი ეგონა), რომელმაც 2006 წლის სოტბის შოუზე აუდიტორია გააოგნა, როდესაც პიკასოსთან ერთად შაგალი და მონეც შეიძინა. ამ აუქციონის შემდეგ, ექსპერტები და კერძო კოლექციონერები უზომოდ დაინტერესდნენ ამ კაცის ვინაობით. შაგალის შეძენის ფაქტმა საყოველთაო ყურადღება მიიპყრო და ყველამ დაასკვნა, რომ მყიდველი წესით რუსი უნდა ყოფილიყო, წარმოშობით რუს მხატვარზე მოთხოვნა, როგორც ჩანს, შეძლებულ მოსკოველებს შორის მატულობდა. ისინი, ვინც აუქციონზე მყიდველთან ახლოს ისხდნენ, ადასტურებდნენ, რომ მისი საუბარი რუსულს წააგავდა, ვაჭრობაში გამოუცდელობა ეტყობოდა (ნიშანს ძალზე აქტიურად იძლეოდა) და სრულ ანონიმურობას იცავდა – იგი სხვა აუქციონებიდან არავის ეცნო. აუქციონის თანამშრომლები გაოცებულნი იყვნენ იმით, რომ ადამიანი, რომელსაც ამდენი გადასაყრელი ფული ჰქონდა, უკანა რიგებში იჯდა და არა კაბინაში, სადაც მას თეთრხელთათმანიანი ოფიციანტები მოემსახურებოდნენ. ნიუ-იორკში, ლონდონსა და მოსკოვში ფოტოები ცირკულირებდა, მაგრამ ვერავინ ცნობდა მყიდველს, რომელმაც ფერწერულ ტილოებში ერთ ღამეში 100 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა. უფრო ფართოდ ცნობილ, რუს კოლექციონერებთან მომქანცველი და აქტიური კონტაქტების შემდეგ და მას შემდეგ, რაც მათ უარყვეს სოტბის აუქციონზე თავისი წარმომადგენლის გამოგზავნის ფაქტი, ზოგიერთი ჟურნალისტი დაინტერესდა იდუმალებით მოცული კაცით, რომელიც პოსტ-საბჭთა ოლიგარქების წარჩინებული რიგებიდან უნდა ყოფილიყო. შიდა წრის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარაუდობდა, რომ შესაძლოა მყიდველი აზერბაიჯანელი ნავთობ-ბარონი იყო.

ეს ყველაფერი ხუთი წლის წინ მოხდა. ახლა უკვე ვიცით – ივანიშვილი არა მხოლოდ მყიდველი იყო, არამედ ისიც არის ცნობილი, რომ ნახატები პიკასოს სიყვარულით არ შეუძენია. ეს ყველაფერი თბილისში თანამედროვე ხელოვნების სერიოზული კოლექციის შესაქმნელად გააკეთა, კოლექციის, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ისიც ცხადია, რომ, მეოცე საუკუნის შედევრები შეიძლება ფულის დასაბანდებლად იყიდო და არა ხელოვნების სიყვარულით. ივანიშვილმა Telegraph-თან ინტერვიუში აღაიარა კიდეც, რომ ის „ხელოვნების არც თუ ისე დიდი მოყვარულია“. თუმცა, პიკასო უბრალოდ ფინანსური ინვესტიცია არ ყოფილა. პირიქით, როგორც ჩანს, მილიარდერი მიხვდა, რომ თბილისში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების ჩამოტანა ქვეყნის კულტურულ კაპიტალს გააძლიერებდა. ის ქალაქში გუგენჰაიმის მსგავსი კოლექციის ჩამოტანას და ქალაქის მთავარ ქუჩაზე, ამჟამად მშენებარე შენობაში მის გამოფენას გეგმავს. 

ქართული ხელოვნების ამ პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე სივრცეში ჰედლაინების წყარო მხოლოდ მისი მზარდი კოლექცია არ გამხდარა. 23 დეკემბერს, კულტურის მინისტრის მიერ, სამომავლო დაფინანსების აღკვეთის თაობაზე გაკეთებულმა სვლამ ივანიშვილზე მოარული ლეგენდები და ფაქტები გააერთიანა. უმეტესად იმიტომ, რომ კერძო დაფინანსების აკრძლავას საჯარო გამოხმაურება მოჰყვა (საინტერესოა, რომ ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის საქმის მოსმენა 22 დეკემბერს დაიწყო). რურუას ამ განკარგულების გამოსვლიდან სულ ცოტა ხანში, თეატრალურმა დასებმა პასუხი გაავრცელეს – მათი ე. წ. „კეთილი ნების დოკუმენტი“. ისინი ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ ქველმოქმედების მიღების უფლება ჰქონდათ და რომ რურუას არც მსახიობების სახელით ლაპარაკის და არც მათ¬თვის „მორალის ან წესების“ სწავლების უფლება ჰქონდა. ეს მორალისტური რიტორიკა ნამდვილად იმ ვარაუდს ეფუძნება, რომ გარედან მიღებული დაფინანსება ხელოვნების ნაწარმოებს კომპრომენტირებას უწევს.

ზოგიერთი მსახიობი უფრო შროს წავიდა და განაცხადა, რომ მთავრობის მხრიდან თეატრებისთვის გაღებული შემოწირულობები დიდად არ განსხვავდება კერძო შემოწირულობებისგან, თუ პოლიტიკური და სოციალური გავლენის ტერმინებში ვილაპარაკებთ. ამ დისკუსიამ განსაკუთრებული რელევანტობა შეიძინა მას შემდეგ, რაც გაირკვა რომ სავარაუდოდ მთავრობა ხელფასის 20 პროცენტით მომატებას შეპირდა მათ, ვინც ივანიშვილის მფარველობაზე უარს იტყოდა.

მას შემდეგ რაც თეატრის მოღვაწეებმა სახალხოდ ამოიღეს ხმა, რურუამ თავისი მოთხოვნები უკან წაიღო, მაგრამ აშკარაა, რომ მთავრობასა და კულტურის კერძო დაფინანსებას შორის არსებული დაძაბულობა, საქართველოში სადავო საკითხად რჩება. მათ, ვინც თბილისს ცოტა ხნის წინ ესტუმრა, დააფიქრებთ გრაფიტი, ქალაქის ცენტრში: „უკაცრავად, სად არის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი?“ – ვკითხულობთ ამ გრაფიტიზე. საინტერესოა, ხომ არ არის ეს წარწერა მახვილგონივრული საბრძოლო მოწოდება იმისგან, ვისაც სურს, რომ ივანიშვილმა ქალაქის თანამედროვე ხელოვნებაში ჩადოს ინვესტიცია? ამჟამად, სააკაშვილის მმართველობის დროს, ნაციონალურ სამხატვრო გალერეას ულამაზესი რესტავრაცია ჩაუტარდა, მაგრამ ფიროსმანის დარბაზი ძნელად გაუტოლდება ივანიშვილის დანაპირებს, რომლის თანახმადაც ის ცოცხალი და გარდაცვლილი ევროპელი და ამერიკელი მხატვრების ნამუშევრების დიდი კოლექციის შექმნას გეგმავს.

სახელოვნებო და სამხატვრო დარგებში მოღვაწე კოლეგებთან გადაგზავნილი რამდენიმე წერილის შემდეგ, დადასტურდა ჩემი ინფორმაცია იმისა შესახებ, რომ ივანიშვილი ხელოვანთა წრეებში, უკვე დიდი ხანია, განთქმულია, როგორც გულუხვი ქველმოქმედი. განსაკუთრებით ეხება ეს ბობოქარ 1990-იან წლებს, როდესაც სახელმწიფო დაფინანსება ზოგადად მწირი იყო, რომ არაფერი ვთქვათ ხელოვნების დაფინანსებაზე. რურუასა და თეატრალურ დასებს შორის ამ ცოტა ხნის წინ მომხდარი შეტაკება შეიძლება სულაც არ იყოს ცუდი მოვლენა. სიმართლე გითხრათ, ჩემი აზრით პირიქით, კარგიცაა. ორივე მხარე – ამჟამინდელი მთავრობაც და მისი მოწინააღმდეგეებიც ხვდებიან, რომ საქართველოს გული ქვეყნის კულტურაშია და რომ ხალხის გულს მხოლოდ პოლიციის ახალი შენობებითა და გზების შეკეთების დაპირებებით ვერ მოიგებენ. თუკი საქართველოში ხალხის მხარდაჭერის მოპოვება გინდა, ინვესტიცია თეატრებში, ცეკვაში, ვიზუალურ ხელოვნებასა და მუსიკაში უნდა ჩადო.

ბრიტანი ფეიფერი – კოლუმბიის უნივერსიტეტის სლავისტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურისის სტუდენტია. ის იკვლევს იმას, თუ როგორ ზემოქმედებს რელიგია ნაციონალურ იდენტობაზე, როგორც კულტურულ, ასევე პოლიტიკურ კონტექსტში, კავკასიისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. 2009 წლიდან ის ქართულ ენას სწავლობს და მისი ინტერესის მთავარი ობიექტი ქართული ვიზუალური ხელოვნება და ლიტერატურაა.

[1] ჟურნალ Prospect-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია ასევე ივანიშვილისა და საფრანგეთის ელჩის ახლო ურთიერთობაზე მანამდე, სანამ კოლექციონერი საჯარო პოლიტიკაში შეაბიჯებდა.
foteignpress.ge