ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირების შესახებ აზერბაიჯანის პროკურატურაში მოთხოვნა გაგზავნილია, თუმცა ქართულ მხარეს პასუხი ჯერ არ მიუღია. ინფორმაციას მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე ადასტურებს.
"საქართველოს პროკურატურის მიერ აზერბაიჯანის პროკურატურაში გაგზავნილია მოთხოვნა ექსპრეზიდენტის დაკავების და ექსტრადირების შესახებ, რისი საფუძველიც არის აზერბაიჯანსა და საქართველოს პროკურატურას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი. თუმცა ჯერჯერობით, აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურიდან პასუხი არ მიგვიღია. კონკრეტული ვადა პასუხთან. დაკავშირებით განსაზღვრული არ არის, თუმცა, როგორც ჩანს, შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა",- აღნიშნა შოთაძემ.
შოთაძის განცხადებით, მიუხედავად ამისა, თქმა, რომ აზერბაიჯანმა საქართველოს უარი ან თანხმობა უთხრა ბრალდებულის ექსტრადირებაზე, შესაბამისი ოფიციალური წერილის მიღებამდე არ შეუძლია.
სააკაშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში ექსპრეზიდენტებისა და მთავრობის მეთაურთა სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. მისი თქმით, ბაქოში უკრაინის ოფიციალური პირის სტატუსითაც იმყოფება.