„ბატონ ალექსანდრე ლუკაშენკოს არავითარი გზავნილი არ ჩამოუტანია“

„ბატონ ალექსანდრე ლუკაშენკოს არავითარი გზავნილი არ ჩამოუტანია“

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დაფარული არაფერი ყოფილა.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მედიაში გაისმა რაღაც კითხვები და დაიწყო სპეკულაციები ფარულ გზავნილებთან დაკავშირებით.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველაფერი აბსოლუტურად საჯარო და გამჭვირვალე იყო და ლუკაშენკო საქართველოს მეგობრული ვიზიტით ეწვია.

„ბელორუსიის პრეზიდენტის ვიზიტი ნამდვილად ძალიან წარმატებული იყო. ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია. იგი მანამდე საქართველოში არ ყოფილა. ასე რომ, ჩვენ კიდევ ერთხელ მივესალმებით ბატონი ლუკაშენკოს ჩამოსვლას საქართველოში. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად ორგანიზებული და წარმატებული იყო. არაფერი დაფარული ჩვენ არ გვქონია. არავითარი გზავნილები ბატონ ლუკაშენკოს არ ჩამოუტანია. ეს ძალიან კარგი, მეგობრული ვიზიტი იყო და ძალიან კარგი საფუძველი ჩაეყარა ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს შორის ურთიერთობების გაღმავებას. ჩვენ გუშინ მივიღეთ მოწვევაც და საქართველოს მთავრობა გეგმავს ოფიციალური ვიზიტით ბელორუსს ეწვიოს. ეს კიდევ უფრო წაადგება არსებულ ურთიერთობებს, იქნება ეს სავაჭრო ეკონომიკური, თუ სხვა სახის თანამშრომლობა. ჩვენ ამას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.