ირაკლი ღარიბაშვილი მზადაა, შვეიცარიის ელჩს შეხვდეს და მისი წუხილი მოისმინოს

ირაკლი ღარიბაშვილი მზადაა, შვეიცარიის ელჩს შეხვდეს და მისი წუხილი მოისმინოს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობს მეგობარი ქვეყნის ელჩი. ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს საკითხების გარკვევისა და ელჩთან შეხვედრისკენ მოუწოდა.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ისიც მზადაა, რომ შეხვდეს შვეიცარიის ელჩს საქართველოში და მისი წუხილი პირადად მოისმინოს.

„ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა და მთავრობა ვართ არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ ევროპის ფარგლებშიც. ასე რომ, ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობს მეგობარი ქვეყნის ელჩი. აღიარება, რომ ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და ნაკლებად კორუმპირებული მთავრობა, ხელისუფლება და ზოგადად ქვეყანა ვართ, რაც მთავარია ბოლო 2 წლის განმავლობაში მოვიპოვეთ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის თითოეული კითხვის ნიშანი მნიშვნელოვანია. გთხოვთ, გაარკვიოთ ყველაფერი კონკრეტული ფაქტების დონეზე და შეისწავლოთ თითოეული საკითხი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა საჭიროების შემთხვევაში, საქმეში ჩართვა შს მინისტრსაც დაავალა.

ღარიბაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა ამ ფაქტებით ისიც დაინტერესდეს, თუკი რაიმე რეალური ფაქტი არსებობს.

საქართველოში შვეიცარიის ელჩ გიუნტერ ბეხლერის განცხადებით, გადასახადებთან დაკავშირებული ბრალდებები და რეგიონებში მოსამართლეების გახსნილობა ქრთამის მიმართ, საქართველოში მომუშავე უცხოელ ინვესტორებზე გავლენას ახდენს.

შვეიცარიის ელჩი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შეჩერდეს ეს ტენდენცია და გაგრძელდეს ბიზნესისთვის მეგობრული გარემო ქვეყანაში.