რუსეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მიხაილ კასიანოვმა აშშ-ის კონგრესს იმ რუსი ჟურნალისტების სია წარუდგინა, რომლებიც მისი აზრით, ე.წ მაგნიტსკის სიაში უნდა შევიდნენ. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც პარტია "პარნასის" თანათავმჯდომარეა, აცხადებს, რომ აშშ-ის სანქციები უნდა გავრცელდეს იმ რუს ჟურნალისტებზეც, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბორის ნემცოვის მკვლელობაში. კასიანოვის თქმით, "მაგნიტსკის სიაში" უნდა შევიდნენ ვლადიმირ სოლოვიევი, დიმიტრი კისილიევი, არკადი მამონტოვი, ანდრეი კარაულოვი, კონსტანტინ სემინი და სახელმწიფო დუმის დეპუტატი ალექსეი პუშკოვი, რომელიც ასევე ტელეჟურნალისტია.
"ჩვენ შევხვდით აშშ-ის კონკრესის და სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ლიდერებს. ჩვენი აზრით, ჩამოთვლილმა ჟურნალისტებმა ადამიანის უფლებები დაარღვიეს, დამრღვევები კი "შავ სიაში" უნდა მოხვდნენ. ჩვენს ქვეყანაში, მათ პასუხს არ აგებინებენ, ვინაიდან გენერალური პროკურატურა ამ მხრივ არაფერს აკეთებს", - განაცხადა მიხაილ კასიანოვმა.
აშშ-ში რამდენიმე წლის წინ მოსკოვის ციხეში იურისტ სერგეი მაგნიტსკის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიიღეს "მაგნიტსკის აქტი", რომლის მიხედვითაც "შავ სიაში" შესული პირების წინააღმდეგ ვაშინგტონმა სავიზო და ფინანსური სანქციები აამოქმედა.