პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოსა და ბელარუსის პირველ პირებს შორის გაფორმებულ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს.
განცხადება 15-პუნქტიანია და ის საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტებს, გიორგი მარგველაშვილსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის, ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს მიღწეულ შეთანხმებებს ასახავს.
"ინტერპრესნიუსი" ორი ქვეყნის რესპუბლიკების პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით 2015 წლის 22-24 აპრილს საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა (შემდეგში - მხარეები) გახსნილობის, ურთიერთგაგებისა და ნდობის ატმოსფეროში გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები აქტუალური საერთაშორისო და რეგიონალური პრობლემების შესახებ და განიხილეს საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის ურთიერთობის პერსპექტივის ფართო სპექტრი.
ისწრაფვიან რა ორ ქვეყანას შორის ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისკენ, ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებებზე დაყრდნობით,
მხარეები აცხადებენ:
1. ქართულ-ბელარუსული ურთიერთობის განვითარების ხასიათი შეესაბამება საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის ინტერესებს.
2. მხარეები აწარმოებენ დიალოგს ყველა დონეზე, განავითარებენ ურთიერთკავშირს პარლამენტებსა და სამინისტროებს შორის, შეუწყობენ ხელს ორმხრივ შეთანხმებებსა და სამართლებრივი ბაზის გაფართოებას, ხელსაყრელი პირობების შექმნას კონტაქტებისთვის საქმიან, სამეცნიერო, კულტურულ, სპორტულ და სხვა სფეროებისთვის.
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა დოკუმენტებს ორმხრივი ურთიერთობისათვის იურიდიული ბაზის შესაქმნელად ტურიზმის, ჯანდაცვის, განათლების, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, გადასახადების გადახდის, დანაშაულთან ბრძოლის, სასაზღვრო სამსახურებისა და სხვა სფეროებში.
3. მხარეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აქვთ ერთნაირი დამოკიდებულება საერთაშორისო და რეგიონალური პრობლემების მიმართ და ადასტურებენ საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების ერთგულებას. ემხრობიან გაეროს როლის გამყარებას თანამედროვე გამოწვევის - მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებისა და ამ მიზნით წინააღმდეგობის გაწევის საქმეში.
მხარეები ადასტურებენ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემას, ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენების მუქარის მიუღებლობას სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში.
4. მხარეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ თანამშრომლობას საერთაშორისო უნივერსალური და რეგიონალური ორგანიზაციების ფარგლებში, მათ შორის, ძალების კოორდინაციას საერთაშორისო ტერორიზმთან, ტრანსეროვნულ ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების არაკანონიერ მიმოქცევასთან, ადამიანით ვაჭრობასა და თანამედროვე მსოფლიოს სხვა გამოწვევებთან და საშიშროებებთან ბრძოლაში.
5. მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ განაგრძობენ ინიციატივებისა და კანდიდატურების ურთიერთმხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზე.
6. მხარეები დადებითად აფასებენ საქართველოსა და ბელარუსიის რესპუბლიკის მთავრობათაშორის არსებული ეკონომიური თანამშრომლობის საკითხებში კომისიის საქმიანობას სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებისთვის.
7. მხარეები ხაზგასმით აღნიშნავენ ორი ქვეყნის საქმიანობის სუბიექტებს შორის კონტაქტების აქტივიზაციის აუცილებლობას და აცხადებენ, რომ შექმნიან ხელსაყრელ პირობებს სავაჭრო-სამრეწველო კავშირების განვითარებისთვის სახელმწიფოს სხვადასხვა სფეროების გამოყენებით.
8. მხარეები მხარს უჭერენ სამრეწველო კოოპერაციის გაღრმავებას ქართული ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და მესამე ქვეყნებში ექსპორტის გასაფართოებლად.
9. მხარეები დაინტერესებული არიან ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობის განვითარებაში ქვეყნების დარგობრივ სამინისტროებს შორის, პირდაპირი კონტაქტების გააქტიურებაში საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საერთო პროექტების განსახორციელებლად ინფრასტრუქტურის შექმნაში ქართული ხილ-ბოსტნეულისა და ღვინის ექსპორტის გაზრდისთვის ბელარუსიის რესპუბლიკისა და მესამე ქვეყნების ბაზრებზე.
10. მხარეები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის აქტიურად გამოყენება ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროებში საერთო პროექტების რეალიზაციით, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების შექმნაში ჩაბმით.
11. მხარეები აღნიშნავენ, რომ ორივე ქვეყნის მეცნიერულ-ინოვაციური პროგრესის ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია მომზადდეს და განხორციელდეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ბელარუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო პროექტები.
12. მხარეები შეუწყობენ ხელს თანამშრომლობას განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, ინფორმაციის, ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროებში.
13. მხარეები მხარს უჭერენ რეგიონებს შორის კავშირს, როგორც ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. აღნიშნავენ დელეგაციების ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას, გამოფენა-გაყიდვებისა და კულტურული ღონისძიებების მოწყობის აუცილებლობას.
14. მხარეები დარწმუნებული არიან, რომ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი გახდება პირველი ისტორიული, მძლავრი იმპულსი პოლიტიკური დიალოგის, სავაჭრო-ეკონომიკური და რეგიონებს შორის ურთიერთობის განვითარებისთვის, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებას.
15. მხარეები ყოველმხრივ შეუწყობენ ხელს მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციას საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის თანასწორუფლებიანი და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისთვის.
ბელარუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და ქართველ ხალხს ბელარუსის დელეგაციისთვის გაწეული თბილი მიღებისა და სტუმართმოყვარეობისათვის და საქართველოს პრეზიდენტი მიიწვია სახელმწიფო ვიზიტით მისთვის ხელსაყრელ დროს. ეს მიწვევა საქართველოს პრეზიდენტმა მადლიერებით მიიღო. ვიზიტის დრო შეთანხმდება დიპლომატიური არხებით.
შედგენილია თბილისში 2015 წლის 23 აპრილს ორ თანაბარუფლებიან ეგზემპლარად ქართულ და რუსულ ენებზე", - ნათქვამია საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი გუშინ მოაწერეს.