აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფინანსურ საქმიანობაში დარღვევები აღმოაჩინა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა რუსუდან შამუგიამ განუცხადა, აუდიტის სამსახური იმ მასალების მთავარ პროკურატურაში გადაგზავნას გეგმავს, რის საფუძველზეც დასკვნა მოამზადა.
"ჩვენ შევამოწმეთ მომსახურების სააგენტოს 2012-2013 წლების პერიოდი. მუშაობა 2 აპრილს დავამთავრეთ, დამტკიცებული ანგარიში კი, პროცედურის შესაბამისად, გადაგზავნილია თავად მომსახურების სააგენტოში. უწყებას კანონმდებლობით აქვს გასაჩივრების უფლება და შესაბამისი ვადები, რომელიც 2 დღეში იწურება, თუმცა, საჩივრით აუდიტის სამსახურისთვის მომსახურების სააგენტოდან ჯერჯერობით არ მოუმართავთ. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გარკვეული დარღვევები აღმოვაჩინეთ, მასალებს გადავგზავნით საგამოძიებო უწყებაში – მთავარ პროკურატურაში. ასევე, აღნიშნულს ცნობის სახით გადავუგზავნით ფინანსთა სამინისტროს, ანგარიში კი გამოქვეყნდება საიტზე", - განაცხადა რუსუდან შამუგიამ.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის, ზურაბ ახალკაციშვილის მიერ თანამდებობის ტოვების მიზეზი, სავარაუდოდ, აუდიტის სამსახურის დასკვნა გახდა.
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ახალკაციშვილმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაა, რომლის მიხედვით, მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მხრიდან კანონის შესაძლო დარღვევას ჰქონდა ადგილი. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა თანამდებობას ტოვებს, რათა სააგენტოს ჩრდილი არ მიადგეს.