ტოდ ჩეპმენი - აშშ-ის დახმარება საქართველოსადმი მიმართულია თავდაცვის სფეროში რეფორმების მხარდასაჭერად

ტოდ ჩეპმენი - აშშ-ის დახმარება საქართველოსადმი მიმართულია თავდაცვის სფეროში რეფორმების მხარდასაჭერად

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ტოდ ჩეპმენის განცხადებით, აშშ-ის დახმარება საქართველოსადმი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმართულია საქართველოს თავდაცვის სფეროში რეფორმების მხარდასაჭერად, - ამის შესახებ ტოდ ჩეპმენმა საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, ამერიკის მხარდაჭერა ასევე მიმართულია საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად ქვეყნის შეიარაღებული ძალების აღჭურვისა და გაწვრთნის კუთხით. ასევე, ხელს უწყობს საქართველოს ჯარების მონაწილეობას საერთაშორისო ოპერაციებში, ეხმარება საქართველოს, რომ დაუახლოვდეს მის მიერ გამოთქმულ სურვილს, გახდეს ნატოს წევრი და დააკმაყოფილოს სტანდარტები.
"ჩვენ გვქონდა ასევე შესაძლებლობა, კვლავ დაგვედასტურებინა საქართველოსთვის გამოყოფილი 20 მილიონი დოლარის შესახებ, რომელიც გამოიყო ევროპის ქვეყნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. ჩვენ ასევე განვიხილეთ, როგორ შეიძლება გავაღრმავოთ თანამშრომლობა ისეთ თემებზე, როგორიც არის საზღვაო უსაფრთხოება, ნარკოტიკებთან და კიბერდანაშაულთან ბრძოლა", - განაცხადა ტოდ ჩეპმენმა. 

მან ასევე დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ ასევე გამოხატა პოზიცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებით. 

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილემ რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ეველინ ფარკასმა კი განაცხადა, რომ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მისწრაფების მხარდაჭერაზე, გახდეს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, განსაკუთრებით ნატოს წევრი. მისივე თქმით, საუბარი შეეხო აგრეთვე ნატოს პაკეტის განხორციელებაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას.

"ასევე ვისაუბრეთ საქართველოს მონაწილეობაზე ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში და იმ წვრთნებზე, რომელიც დაგეგმილია უახლოეს თვეებში. გუშინ და დღეს გამართული შეხვედრების დროს ჩვენ ვისაუბრეთ იმ ახალ წვრთნებზე, რომლის სახელწოდებაც არის "ღირსეული პარტნიორი", სადაც ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო მიიღებენ მონაწილეობას. ეს გახლავთ ყველაზე მტკიცე და ძლიერი წვრთნა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან ერთად ჩაუტარებია", - განაცხადა ეველინ ფარკასმა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროში სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში უსახფრთხოებისა და თავდაცვითი სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ხოლო შეერთებული შტატების მხრიდან აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ტოდ ჩეპმენი და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ეველინ ფარკასი.