ქართველ, ბელორუს და რუს ხალხებს შორის არ არის წინააღმდეგობა, გაუგებრობაა პოლიტიკურ დონეზე, - ამის შესახებ ლუკაშენკომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ახალი რეალობიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოხუმთან და ცხინვალთან ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებების გაფორმებით შეიქმნა, უცვლელი დარჩება თუ არა ბელორუსის პოზიცია საქართველოს რეგიონების არაღიარებასთან დაკავშირებით. ლუკაშენკოს თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი იყო რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე, თუმცა დეტალებში გამხელის უფლებამოსილება ჯერ არ გააჩნია.
"ჩემს წინაშე არავის არანაირი ახალი პრობლემები არ დაუყენებია. მხოლოდ თქვენ თქვით ამის შესახებ ასეთ კონტექსტში. მართალია, პრეზიდენტიც ამბობდა, რომ ყველა ამ გაურკვევლობის, საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შემდეგაც კი, საჭირო იყო რაღაცნაირად უფრო რბილად აწყობა ურთიერთობებისა და არგადადგმა რაღაც ნაბიჯებისა, რომელიც თქვენ ახსენეთ. შეიძლება, მაგრამ მე და პრეზიდენტი რეალისტები ვართ და ვთქვით, მოდი გავავლოთ ხაზი და შევხედოთ ხვალინდელ დღეს – რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება იმისათვის, რომ საქართველოს, რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება და ბელარუსთან ურთიერთობების გაღრმავება მოხდეს. ვფიქრობ, უახლოეს ხანში, ჩვენ ვიპოვით თუნდაც ერთ პასუხს პატარა კითხვაზე – რა ნაბიჯი გადავდგათ იმისთვის, რომ არამხოლოდ შევწყვიტოთ ეს რიტორიკა, არამედ დავაახლოვოთ სახელმწიფოების პოზიცია და ვიცხოვროთ ერთ ოჯახში, როგორც ეს ერთ დროს იყო. ქართველ, ბელორუს და რუს ხალხებს შორის არ არის წინააღმდეგობა, არის გაუგებრობა პოლიტიკურ დონეზე. ეს დაძლევადია, მაგრამ კონკრეტული მიზნის დაყენება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ამის შესახებ ჩვენ ვილაპარაკეთ. მე ჯერ არ მაქვს უფლებამოსილება პრეზიდენტისგან, ვისაუბრო ჩვენი შეთანხმებების შესახებ, მაგრამ უახლოეს პერიოდში თქვენ მათ შესახებ გაიგებთ", - განაცხადა ლუკაშენკომ და დასძინა, რომ ბელარუსის პოზიცია ჟურნალისტის მიერ წამოჭრილ პრობლემაზე უცვლელი რჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აქ არ ჩამოვიდოდა.