მთავრობის პრესსამსახური ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შესახებ შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს

მთავრობის პრესსამსახური ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შესახებ შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის შესახებ შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს და ხაზს უსვამს , რომ ლუკაშენკო საქართველოს ოცწლიანი მმართველობის მანძილზე პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა მთავრობებს შორის გაფორმებული 10–ზე მეტი შეთანხმებით გამყარდა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დაესწრნენ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დოკუმენტებს ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის ეკონომიკის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა. შეთანხმებები გულისხმობს თანამშრომლობას საგარეო უწყებებს შორის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში, საბაჟო საკითხებში, ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე, ურთიერთგაგების მემორანდუმს იუსტიციის სამინისტროებს.

საქართველოს მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს პირისპირ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა საქართველოში ბელარუს ბიზნესმენთა დელეგაციისა და საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმის ჩატარების მნიშვნელობას, რომელიც ბიზნესებს შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარებას შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მოხარული ვიქნები გიმასპინძლოთ ბელარუსში, იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება", – ამ სიტყვებით მიმართა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურ სადილზე, რომელიც ბელარუსის ოფიციალური დელეგაციის პატივსაცემად გაიმართა. მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას.