"ნაციონალური მოძრაობა" ხვალ გურჯაანში ფართომასშტაბიან აქციას აღარ გამართავს. ამის შესახებ გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აქციის გაუქმების მიზეზი, ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილი კონტრაქცია გახდა. "ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ხვალ გუბერნატორის დავალებით, რეგიონის მასშტაბით იგეგმება საჯარო მოხელეთა მობილიზება, რათა ჩვენს მიერ დაგეგმილ აქციას დაუპირისპირონ. მე, როგორც რაიონის დეპუტატი, არ დავუშვებ გურჯაანელებს შორის მოხდეს დაპირისპირება, რადგან ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს პროვოკაცია. ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები, მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით პოლიციის უფროსთან დაკავშირებას, რომ უზრუნველეყო მშვიდობიანი აქციის მინაწილეების უსაფრთხოება, თუმცა ამის გარანტია ვერ მივიღეთ. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგეგმილი აქცია გავაუქმოთ, თუმცა, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება ანტიკორუფციული კომისიის ფარგლებში", - განუცხადა ჟურნალისტებს საგანგებო ბრიფინგზე გიორგი ღვინიაშვილმა.