გია უდესიანის და ბესიკ ხარძიანის უფროსი შვილის განცხადების კომენტირებისგან თავს იკავებს

გია უდესიანის და ბესიკ ხარძიანის უფროსი შვილის განცხადების კომენტირებისგან თავს იკავებს

გია უდესიანის დას ინფორმაცია არ აქვს აჩუქა თუ არა უდესიანმა ბესიკ ხარძიანის მეორე მეუღლეს სახლი და ავტომობილი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გია უდესიანის დამ ნატო უდესიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ბესო ხარძიანის მეორე მეუღლისადმი გაკეთებული განცხადებები ხარძიანის უფროსი ვაჟისგან მოისმინა. გია უდესიანის და აცხადებს, რომ ბესიკ ხარძიანის უფროსი ვაჟის მიერ გაკეთებულ ბრალდებებს, თითქოს ხარძიანის მკვლელობა მისმა მეორე მეუღლემ, ეკა ნონიკაშვილმა შეუკვეთა, ვერ შეაფასებს.

"ვერაფერს ვერ ვიტყვი, ინფორმაცია მეც მოვისმინე. არაფერი არ ვიცი ამ საკითხის ირგვლივ. რაც თქვა, ის თქვა შვილმა, ეს არის იმ კაცის პოზიცია ვინც თქვა. არ ვაკეთებ კომენტარს", - განაცხადა ნატო უდესიანმა.

მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის შვილი პირველი ქორწინებიდან, მიხეილ ხარძიანი აცხადებს, რომ მამამისის მკვლელობა ბიზნესმენის მეორე მეუღლემ, ეკა ნონიკაშვილმა შეუკვეთა. ამის შესახებ მიხეილ ხარძიანმა დედასთან და დასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მიხეილ ხარძიანის თქმით, მას გააჩნია ინფორმაცია, რომ მამამისი ეკა ნონიკაშვილმა დააჭერინა ქონების მითვისების გამო.

მისივე თქმით, ის დაახლოებით 5 დღის წინ შეხვდა გია უდესიანს. მიხეილ ხარძიანი გია უდესიანისთვის, რომელსაც მკვლელობის შესაძლო შემკვეთად ხარძიანის ოჯახი ასახელებდა, ბოდიშის მოხდასაც ითხოვს.

"გიორგი უდესიანის ნაჩუქარი და აშენებული წავკისის სახლი რატომ აქვთ? გიორგი უდესიანის ნაჩუქარი "პორშეს" ჯიპით რატომ დადის ეკა ნონიკაშვილი? მაინტერესებს ეს ადამიანი მტრად რატომ შერაცხეს. ყველა ვიდეოკადრი მაქვს ნანახი. მოგიწოდებთ, გამოდით და ბოდიში მოიხადეთ გიორგი უდესიანის ოჯახის წინაშე, საზოგადოების და პატრიარქის წინაშე. ხარძიანთა გვარს, ეს ჩვენ არ გვეკადრება. ნუ შეგყავთ გამოძიებაც ჩიხში, იცით, რასაც ვამბობ და თქვით სიმართლე, თორემ წარდგებით ჩვენი გვარის შეხვედრაზე და იქ მოგთხოვთ პასუხს", - განაცხადა მიხეილ ხარძიანმა.