გიგი წერეთელმა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა დატოვა

გიგი წერეთელმა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა დატოვა

პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა გიგი წერეთელმა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა, სადაც ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს უსმენენ, კოლეგებთან კამათის ფონზე დატოვა.

დეპუტატებს შორის კამათის საგანი წინა ხელისუფლების დროს ჯანდაცვის სფეროში არსებული ვითარება იყო. ამ კონტექსტში ყურადღება ნარკომანიის პრობლემაზე გამახვილდა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი შემცირებულია. ხუნდაძის განცხადება გიგი წერეთელმა არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ ნარკოტიკების მომხმარებლთა რიცხვი იგივეა, უბრალოდ ახლა სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ.         

ამ თემაზე კამათისას გიგი წერეთელმა კომიტეტის სხდომა დატოვა და განაცხადა, რომ შემდგომ პარლამენტში დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების ადგილას სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იქნებიან.

სხდომათა დარბაზიდან გასვლისას გიგი წერეთელს მისმა კოლეგამ კარლო კოპალიანმა ჰკითხა, წინა ხელისუფლების დროს ნარკოტიკების მომხმარებლებში ხომ არ გულისხმობდა ყოფილ პრეზიდენტსაც.