კიევში დემონსტრანტებმა კრეშატიკის ქუჩა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს გადადგომას ითხოვენ. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, კიევის ადმინისტრაციის შენობასთან დაახლოებით 2 000 ადამიანი შეიკრიბა, მოგვიანებით კი ისინი სამთავრობო უბნისკენ გაემართნენ.
უკრაინის უმაღლესი რადას წინ, პარალელურად, მაღაროელები აქციას მართავენ. ისინი ხელფასების გადახდას და სამთო მრეწველობის სექტორის რეფორმირებას ითხოვენ. რამდენიმე დღის წინ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, ვლადიმირ დემჩიშინმა განაცხადა, რომ მალე შესაძლოა, ქვეყანაში 11 მაღარო დაიხუროს.
უკრაინის სამთო მრეწველობის სექტორი, რომელშიც ასობით ათასი ადამიანია დასაქმებული, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა.