ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა "გაყინული კონფლიქტების" შესახებ ახალი ქვეკომიტეტის შექმნას აპირებს. ამის შესახებ ასამბლეის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
ახალი ქვეკომიტეტი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის კონფლიქტების მოსაგვარებლად შეიქმნება, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს იმ კონფლიქტურ რეგიონებზე, სადაც აქტიური შეიარაღებული დაპირისპირება დასრულებულია, თუმცა, ისეთი სამშვიდობო შეთანხმება მხარეებს შორის არ მიღწეულა, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს.
"ეს არ იქნება კონფლიქტების გადაჭრის მექანიზმი, თუმცა, მის მიზანს არსებული მექანიზმების დახმარებისთვის საპარლამენტო დიპლომატიის გამოყენება წარმოადგენს", - წერია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. როგორც მოსალოდნელია, ახალი ქვეკომიტეტი მთიანი ყარაბაღის, სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის, ჩრდილოეთ კვიპროსის, დნესტრისპირეთისა და ყირიმის, ასევე აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტებზე იმუშავებს.