რიგის სამიტზე ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი არ იქნება, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა თავად უნდა იზრუნონ საკუთარი მომავლის გაუმჯობესებაზე. რადიო "თავისუფლების" ცნობით , ეს კომენტარები მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ გააკეთა.
"ჩემი აზრით, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე ევროკავშირი გეგმავს პროგრამის წევრ ქვეყნებთან უფრო დაახლოებას. თუმცა, ჩვენ მათ უნდა შევახსენოთ, რომ უფრო მეტი მათზეა დამოკიდებული", - აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ.
ლიტვის პრეზიდენტმა მოლდოვის პერსპექტივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური სტაბილურობა და კანონის უზენაესობა დაეხმარება მოლდოვას მოსკოვის ზეწოლას წინააღმდეგობა გაუწიოს.
"ოლიგარქები კორუფციასთან ერთად, მთავრობასთან ერთად და მედიასთან ერთად არც ერთი სახელმწიფოსთვის არ იქნება საუკეთესო ნაზავი. ძალიან მარტივია მსგავს სახელმწიფოზე ეკონომიკური სანქციებით გავლენის მოხდენა", - აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ.