საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრის მთავარი თემა საქართველო-ბელორუსიის ურთიერთობები იყო
პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გაიმართა, საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის მნიშვნელობა ხაზგასმით აღინიშნა.
პრემიერ-მინისტრმა ბელორუსიის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ბელორუსიის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა საქართველოში ბელარუს ბიზნესმენთა დელეგაციისა და საქართველო-ბელორუსიის ბიზნესფორუმის ჩატარების მნიშვნელობას, რომელიც ბიზნესებს შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარებას შეუწყობს ხელს.