"სანამ საკითხი მომწიფებული არ იქნება, შეხვედრას ვერანაირი შუამავალი ვერ მოამზადებს"

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოსა და ბელორუსის პრეზიდენტების შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის თემა არ განხილულა.

კითხვაზე - ხომ არ იშუამავლებს ბელორუსის პრეზიდენტი რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრის ორგანიზებაში, ფხალაძემ აღნიშნა, რომ საამისოდ სიტუაცია მომწიფებული არაა და რუსეთის მხრიდან არ არსებობს მზაობა, დეოკუპაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

"როდის იმართება შეხვედრა? როცა ამისთვის პოლიტიკური ნება და მხარეების მზადყოფნა არსებობს. სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს რუსეთის ფედერაციის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არის რადიკალურად განსხვავებული იმისგან, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ, ჩვენი პრობლემების გადაწყვეტა. როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის, დეოკუპაციის საკითხის გადაწყვეტა. ჩვენი მთავარი ამოცაანაა ახლა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით მოვახერხოთ რაიმე ფორმით, დიპლომატიური გზებით, მივიყვანოთ საკითხი მომწიფებამდე. სანამ საკითხი მომწიფებული არ იქნება, ვერანაირი შუამავალი ვერ მოამზადებს შეხვედრას, თუ არ არსებობს პოლიტიკური ნება გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები მაგალითად დეოკუპაციისკენ, დევნილების დაბრუნებისკენ", - განაცხადა ფხალაძემ.