„თანამშრომლობის ისეთ სქემებს მოვძებნით, რომ პარტნიორებს ჩვენს მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდეთ“

„თანამშრომლობის ისეთ სქემებს მოვძებნით, რომ პარტნიორებს ჩვენს მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდეთ“

საქართველოსა და ბელორუსის პრეზიდენტების განმარტებით, ევრაზიული საბაჟო კავშირი ან ევროკავშირი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისას ხელის შემშლელი ფაქტორები არ იქნება.

კითხვაზე, ბელორუსის სწრაფვა ევრაზიული საბაჟო კავშირისკენ, ხოლო საქართველოსი -ევროკავშირისკენ, დააბრკოლებს თუ არა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გარღმავებას, გიორგი მარგველაშვილმა  განაცხადა, რომ ახალი კავშირები ახალი შესაძლებლობებია.

„ახალი კავშირები ეს არის ახალი შესაძლებლობები და არ არის ახალი ბარიერები და ჩვენ ამისკენ მივისწრაფით. ეს სწრაფვა ძალიან მკვეთრად იყო ასახული და გამოკვეთილი ჩვენი პირადი ურთიერთობების დროს. საქართველო ყურადღებით აკვირდება ამ შესაძლებლობებს არა მხოლოდ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით, არამედ იმ პოტენციალის და გამოცდილების მიმართულებით, რომელიც ჩვენ ბელორუსისგან შეგვიძლია მივიღოთ, იმ ქვეყნისგან, რომელსაც 80% ბაზრისა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციისა აქვს. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ციფრი მაღალი არ არის. ჩვენ გვინდა შევცვალოთ ეს პრაქტიკა და არანაირი პრობლემა, არანაირი დაბრკოლება ამ თამამშრომლობაში არ არსებობს. არსებობს სხვა პოტენციალი, რომელსაც საქართველო ბელორუსს გაუხსნის იმიტომ,  რომ საქართველოში ინვესტიცია ნიშნავს ისეთ ქვეყანაში ინვესტიციას, სადაც არის დაბალი გადასახადები, კორუფციის დაბალი დონე, მაღალი რეიტინგები. ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით საქართველოში ძალიან დიდი შესაძლებლობებია ევროპასთან ვაჭრობის მიმართულებით. ანუ ჩვენ ვხსნით ამ გზას. ანალოგიურად ვხედავთ, რომ ბელორუსი გვიხსნის კარს, ამიტომ ამ კავშირებს ჩვენ ვუყურეთ როგორც დამატებით შესაძლებლობებს, როგორც ახალ პოტენციურ ბაზრებს და ინვესტირების საშუალებებს“, - განაცხადა მარგველაშვილმა საქართველოსა და ბელორუსის პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე

მის მიერ გამოთქმულ ამ მოსაზრებებს პრესკონფერენციაზე ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოც დაეთანხმა.

„პრეზიდენტმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა - ახალი კავშირები ეს არის ახალი შესაძლებლობები. მე მგონი, აქ საერთოდ საკმარისია საუბარი. ეს იყო ძირითადი, რისი თქმაც საჭიროა. ჩვენ რა თქმა უნდა,  კონკრეტული ვალდებულებები გვაქვს საბაჟო კავშირის თვალსაზრისით, ამავე დროს საქართველოს კონკრეტული ვალდებულებები აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში. ჩვენ ასეთი ვალდებულებები გვაქვს, მაგრამ ეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს არანაირად არ ეწინააღმდეგება. შეიძლება ამ ორი გიგანტურ კავშირს ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდეს იმისათვის, რომ მათ ერთმანეთთან ურთიერთობას მიაღწიონ, მაგრამ ამ ორი ქვეყნისთვის, რომელზეც ამჟამად საუბარია, ეს არის ძალიან მარტივი. გუშინ ბიზნესმენების დახმარებით ჩვენ გარკვეულ პერსპექტივაზე შევთანხმდით დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ოდენობით. ორივე ქვეყანამ ჩვენ ჩვენი ვალდებულებები გავითვალისწინეთ, მაგრამ ამან ხელი არ შეგვიშალა იმაში, რომ კონკრეტული ორიენტირი ავაგოთ და გვქონდეს პერსპექტივა. აქ არანაირი დაბრკოლება არ შეიძლება იყოს. ჩვენ გონიერი ადამიანები, გონიერი ერი, გონიერი სახელმწიფოები ვართ. ჩვენ მოვძებნით იმ სქემებს, იმ ალტერნატივებს, თუ როგორ უნდა ვაწარმოოთ ეს თამაშრომლობა ისე, რომ ჩვენს პარტნიოერბს ევროკავშირში თუ საბაჟო კავშირში ჩვენს მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდეთ. ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.