საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელარუს კოლეგასთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა. პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრამ პროტოკოლით გათვალისწინებულ დროს გადააჭარბა.
შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.
საუბრის მთავარი თემა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები იყო. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ საგანგაშო ვითარებასა და არსებულ საფრთხეებზე იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტმა ბელარუს კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას.
შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტის მნიშვნელობა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
გაფართოებული ფორმატით შეხვედრას საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.