საკითხები, რაზეც რამდენიმე ხნის წინ შვეიცარიის ელჩი საუბრობდა, არის ის, სადაც ყოველგვარი წითელი ხაზი გადის და ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით , - ამის თაობაზე ჟურნალისტებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.ხიდაშელთან ერთად ბეხლერს აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გიგლა აგულაშვილი შეხვდა.
"ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მე და გიგლა აგულაშვილმა ვთხოვეთ, რომ დეტალური ინფორმაცია მოეწოდებინა არა მხოლოდ ახლა, არამედ ერთგვარი ცხელი ხაზივით გამოგვიყენონ საჭიროების შემთხვევაში, თუკი რაიმე კონკრეტული პრობლემის შესახებ ექნებათ ინფორმაცია. შევთანხმდით იმაზე, რომ შვეიცარიის ელჩი ფასილიტაციას გაუწევს პარლამენტის კომიტეტების შეხვედრას ინვესტორებთან, რათა ერთი მხრივ, ვისაუბროთ კონკრეტულ პრაქტიკაზე, თუ როგორ ხდება კანონის აღსრულება და მეორე მხრივ, თუკი რაიმე ცვლილებებია კანონმდებლობაში შესატანი, რათა ბიზნესმენთა საქმიანობა უფრო გამარტივდეს და პროდუქტიული გახდეს, ამაზეც სრული მზადყოფნა გამოვხატოთ", - აცხადებს ხიდაშელი.
დეპუტატის ცნობით, გიუნტერ ბეხლერის მხრიდან საუბარია ერთ კონკრეტულ ფაქტზე, სადაც შესაძლოა, კორუფცია ყოფილიყო.
"მას ამის თაობაზე შეხვედრა ჰქონდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და საკითხი გარკვევის პროცესშია. ჩემთვის როგორც დეპუტატისთვის ეს კონკრეტული შემთხვევა მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ კანონში არ არსებობდეს არცერთი ხარვეზი, რომელიც შესაძლებელს გახდის მაგალითად, ფინანსური პოლიციის 6-თვიან შემოწმებას, როდესაც ფიანსური პოლიცია რომელიმე კომერციულ დაწესებულებაში ზის, იქედან აღარ მიდის და ეძებს რაღაცას, გაუგებარია რას", - განაცხადა ხიდაშელმა.