ბესო ხერძიანის შვილები მამის მკვლელობაში მის ამჟამინდელ ცოლს ადანაშაულებენ

ბესო ხერძიანის შვილები მამის მკვლელობაში მის ამჟამინდელ ცოლს ადანაშაულებენ

როგორც სპეციალურ პრესკონფერენციაზე ბესიკ ხარძიანის შვილებმა ანა ხარძიანმა და მიხეილ ხარძიანმა განაცხადეს, ამ ეჭვის საფუძველს მათ ის განცხადებები აძლევთ, რასაც მათთან ოჯახის წევრები აკეთებენ

როგორც მიხეილ ხარძიანმა განაცხადა, მას და მის ოჯახის წევრებს მკვლელობით ემუქრებიან. მისივე თქმით, მან სახლთან შენიშნა მინი მოპედი და ასევე საეჭვო მამაკაცი, რაზეც ინფორმაცია პროკურატურას მიაწოდა.

„გვემუქრებიან ლიკვიდაციით. როდესაც ვკითხულობ თუ რატომ, ვიღებთ პასუხს, რომ ჩვენ ვართ ბესო ხარძიანის შვილები და მისი სამართალმემკვიდრეები. ბებიაჩემმა პირდაპირ მითხრა, რომ ჩვენი მოკვლა უნდათ, ვთხოვ გამოვიდნენ და მოყვნენ ეს ყველაფერი. მამაჩემი დააჭერინა ეკა ნონიკაშვილმა ქონების მითვისების გამო, მისი გარდაცვალების დაკვეთა მიმაჩნია, რომ დაუკვეთა ეკა ნონიკაშვილმა იმიტომ, რომ მას უნდა ქონება. გამოიძიოს დროულად პროკურატურამ ეს ყველაფერი“,-განაცხადა მიხეილ ხარძიანმა.

მისივე თქმით, ის შეხვდა ბიზნესმენ გია უდესიანს და დეტალურად მოისმინა მისი არგუმენტები. მიხეილ ხარძიანის თქმით, ბესო ხარძიანის ამჟამინდელმა ოჯახმა ბოდიში უნდა მოუხადოს გია უდესიანს, რადგან ის არ არის დამნაშავე მკვლელობაში.

ბესო ხარძიანის შვილების განცხადებით, ეკა ნონიკაშვილი გია უდესიანთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს.

როგორც მიხეილ ხარძიანი ამტკიცებს, მან გია უდესიანისგან მიიღო დოკუმენტაცია და ასევე ნახა ვიდეომასალა, რომელსაც ის არ ასაჯაროებს, თუმცა როგორც ამბობს, მისთვის ეს ვიდეომასალა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ბესო ხარძიანის ოჯახს უდესიანისთვის ბოდიში მოხდა მოსთხოვოს.

ასევე, მიხეილ ხარძიანის თქმით, მას ეკა ნონიკაშვილი დაემუქრა დაჭერით, მაშინ როდესაც ბესო ხარძიანი ციხეში იმყოფებოდა. მიხეილ ხარძიანის თქმით, თუკი ის ბესო ხარძიანს ციხეში მოინახულებდა მასაც დააკავებდნენ.

მიხეილ ხარძიანი სახელმწიფოს დაცვის გამოყოფას სთხოვს.

„მივმართავს თხოვნით ბატონ ღარიბაშვილს, ივანიშვილს და ბადაშვილს, რომ გამომიყონ სახელმიწიფოდან დაცვა, რადგან ჩვენს დაცვაზე ყველამ უარი თქვა“, - აცხადებს ხარძიანი.

ამასთან, როგორც მიხეილ ხარძიანი აცხადებს, კუს ტბასთან დაკავშირებით ის არ დაობს, რადგან ხარძიანების ოჯახს კუს ტბა აღარ ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 28 მარტს საკუთარ სახლთან მოკლეს. ხარძიანს უცნობმა პირმა საკუთარი სახლის სადარბაზოში რამდენჯერმე ესროლა. პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა როგორც მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, ასევე ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ-გამომძიებლებით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.