"კორუფციასთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემები ძალიან სერიოზულია, ამას ვამბობ, როგორც საქართველოს მეგობარი" - ეს კომენტარი შვეიცარიის ელჩმა საქართველოში, გიუნტერ ბეხლერმა თინა ხიდაშელთან და გიგილა აგულაშვილთან შეხვედრამდე გააკეთა.
"ჩვენ მართლა ვიბრძვით ინვესტიციებისთვის, განვითარებისთვის. მე პირადად ყოველდღე ვმუშაობ იმაზე, რომ ინვესტორები მოვიზიდოთ, ამიტომაც დავთანხმდი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას. ჩვენ ერთად უნდა გადავჭრათ პრობლემა. ჩემი აზრით, ამ კუთხით საჭიროა ზოგიერთი ინსტიტუტის რეფორმირება, სასამართლო ინსტუტუტების, ფინანსურის. შემდეგ კი ვფიქრობ, ჩვენ გვექნება საკმაოდ სასურველი გარემო ახალი ინვესტორებისთვის" - აღნიშნა ბეხლერმა.
მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია უცხოელი ინვესტორების შეშფოთების შემთხვევების შესახებ, თუმცა ეს საკითხი შესაბამისმა უწყებამ უნდა განიხილოს.
"ვფიქრობ, ელჩზე არ არის დამოკიდებული, რომ განვსაჯოთ. მე არ ვარ მოსამართლე, მე მხოლოდ შემიძლია ეს საკითხი წამოვჭრა, რის შემდეგაც პასუხისმგებელი მთავრობა და ინსტიტუტები მოაგვარებენ მას, ეს არის ჩემი მიზანი" - განაცხადა შვეიცარიის ელჩმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრისას არ აპირებს კონკრეტული შემთხვევების განხილვას.
"ჩვენ გვქონდა გარკვეული კონკრეტული შემთხვევები, რომელიც განვიხილეთ ზოგიერთ სამინისტროსთან და სასამართლო სექტორთან და უზენაესი საბჭოს მოსამართლეებთან, ეს საკითხი ჩვენ დღეს აქ არ უნდა განვიხილოთ" - აღნიშნა გიუნტერ ბეხლერმა.
მისივე თქმით, მთავრობას აქვს ინვესტორებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ინტერესი, რისთვისაც ისინი ყველაფერს აკეთებენ.
რამდენიმე კვირის წინ ინგლისურენოვან გამოცემა FINANCIAL-თან ინტერვიუში გიუნტერ ბეხლერმა განაცხადა, რომ უცხოელ ინვესტორებს საქართველოში სერიოზული პრობლემები აწუხებთ. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებობს მოულოდნელი საგადასახადო პრობლემები და ჯარიმები, რომელიც შესაძლოა, უცხოელი ინვესტორებისთვის რისკებს წარმოადგენდეს. "უცხოელი ინვესტორები ჩივიან, რომ მათ აიძულებენ გადასხადებისა და ჯარიმების გადახდას, რაც გაუმართლებელია, ან დაკავშირებულია ყოფილი ხელისუფლების გაურკვეველ საგადასახადო დავებთან" - აღნიშნა ბეხლერმა FINANCIAL-თან ინტერვიუში.