რაჭაში სამი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

რაჭაში სამი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში - ურავში, ბოსტანასა და  ჭყვიშში  ახლადაშენებული ბაღები დღეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა პარმენ მარგველიძემ გამგებელთან და საკრებულოს წევრებთან ერთად საზეიმოდ გახსნა.

აღნიშნული საბავშვო ბაღების მშენებლობა 2014 წლის ზაფხულში დაიწყო. მოეწყო ოთახები, სამზარეულო და სველი წერტილები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, ბაღები სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარითა და ავეჯით. აღსანიშნავია, რომ სოფელ ჭყვიშში საბავშვო ბაღი არასდროს არსებობდა, დანარჩენ სოფლებში კი  შენობები ამორტიზებული იყო. 

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობა–რეაბილიტაცია ადგილობრივი ხელისუფლების ერთ–ერთი პრიორიტეტია. 2014 წელს რეგიონის მასშტაბით 4 ახალი ბაღი აშენდა და 25 რეაბილიტირდა.

გუბერნატორმა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებთან ერთად, საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობაშიც მიიღო მონაწილეობა და მარადმწვანე ხის ნერგები დარგო.