ახმეტა – თელავი – ბაკურციხის საავტომობილო გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის რეაბილიტაციის დასრულების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წლის 27 თებერვალს განაცხადა და რომელზეც 5,444 მილიონი ლარი დაიხარჯა, დაზიანდა და შეკეთებას საჭიროებს.
საავტომობილო გზის რეაბილიტირებული მონაკვეთი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძემ 2015 წლის 27 თებერვალს დაათვალიერა. „რეაბილიტირებული გზით კახეთის რეგიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. განხორციელებულმა პროექტმა აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილებით გადაადგილება გააადვილა და მოძრაობა მეტად უსაფრთხო გახადა“, – განაცხადა ფანჩულიძემ.
გზა „რეაბილიტაციის დასრულებიდან“ რამდენიმე კვირაში დაზიანდა, ასფალტი დეფორმირდა და აიყარა. „სერპანტინის“ წარმომადგენლებმა სოფელ ჭანდარში ასფალტზე გაჩენილი ბზარები სილიკონით ამოავსეს.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ასეთი გზა მათ დისკომფორტს უქმნის და მანქანებს აზიანებს. ისინი აღშფოთებულნი არიან, რომ ორი თვე არ გასულა და უკვე მეორედ აკეთებენ ამ გზას.
პროექტი ტროტუარების მოწყობას და სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოების შესრულებასაც ითვალისწინებდა. გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთიდან სავალი ნაწილი მხოლოდ ერთ კილომეტრზეა მონიშნული, სოფლებში კოლაგსა და ბაკურციხეში კი საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი და ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილი ტროტუარები ამ დრომდე გადათხრილი და მოუწყობელია. ადგილობრივები ეზოებში ავტომანქანების შეყვანას ვერ ახერხებენ.
საავტომობილო გზების დეტარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა გოცაძე განმარტავს:
„ახმეტა – თელავი – ბაკურციხის საავტომობილო გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია თებერვლის თვეში დასრულდა, თუმცა ექსპლუატაციაში არ შესულა. ნებისმიერი გზის მშენებლობაზე, სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან ორწლიანი ხელშეკრულება იდება. კონტრაქტის თანახმად, თუ ამ პერიოდში გზა დაზიანდება, კომპანიამ თავისი ხარჯებით უნდა გამოასწოროს. ამ შემთხვევაშიც გზის ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი და რადგან ექსპლუატაციაში ჯერ არ შესულა, კომპანიას აქვს საშუალება, რომ ხარვეზები გამოასწოროს, რის შემდეგაც მიიღებენ ექსპლუატაციაში“.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "სერპანტინი" საზოგადოების ინტერესის ქვეშ რამდენჯერმე მოექცა. გახმაურებული სკანდალი მის გარშემო რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როცა ოპოზიციამ ღარიბაშვილ-თამაზაშვილის კლანი საავტომობილო სახელმწიფო ტენდერებისკონტროლში დაადანაშაულა.
ოპოზიციის ინფორმაციით, ტენდერებში პრობლემებმა განსაკუთრებით თავი იჩინა მას შემდეგ, რაც პრემიერის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის (თამაზ თამაზაშვილის ქალიშვილი) ბიძაშვილი, იოსებ ქადაგიშვილი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ და სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა.
ოპოზიციის მტკიცებით, ერთი წლის განმავლობაში, საგზაო მშენებლობაში გამოცხადებულ ტენდერებში უკვე 9-ჯერ გაიმარჯვა შპს ,,სერპანტინმა’‘ (ჯამური ღირებულება 15 000 000 ლარი), მათ შორის 12 500 000 ლარის ტენდერი, სწორედ ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული ორგანიზაციის მიერ გამოცხადდა.