დღევანდელი დღე საქართველო-ბელარუსის ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება, - ასე აფასებს საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე საქართველოში ალექსანდრე პრეზიდენტის ვიზიტს.
როგორც ფხალაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საქართველოში ბელარუსის მხრიდან ამ დონის ვიზიტი არასდროს განხორციელებულა, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ხაზს უსვამს.
"ამდენი ხნის განმავლობაში, რაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები არსებობს, ამ დონის ვიზიტი არ განხორციელებულა. ეს არის პირველი ვიზიტი და, შესაბამისად, უკვე აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამ ვიზიტისთვის ერთი წელია, ვემზადებით. რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, იქნება ორი ძირითადი მიმართულება: პირველია ჩვენი მთავარი სატკივარი – ოკუპირებული ტერიტორიები, არაღიარების პოლიტიკა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რაშიც ძალიან მნიშვნელოვანია ბელარუსის მხარდაჭერა, მით უმეტეს იმ ნაბიჯების ფონზე, რომელიც ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციამ გადადგა. მეორეა მართლაც უზარმაზარი სივრცე და შესაძლებლობები, რომელიც იძლევა ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური, საგანმანათლებლო თუ კულტურული ურთიერთობების განვითარებას. რაც მთავარია, ჩამოყალიბდება სამართლებრივი ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს ასეთ კავშირებს და ამგვარი ურთიერთობების განვითარებას", - აღნიშა ფხალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებს შორის იქნება რეგიონთაშორისი თანამშრომლობის პროექტები და უსაფრთხოების გარემო.
"მემგონი, რომ ეს მართლაც ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება ჩვენს ურთიერთობებში", - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.
ალექსანდრე ლუკაშენკოს პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო.