ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ბალტიის რომელიმე ქვეყანას თავს არ დაესხმევა.
როგორც ჩეხეთის პრეზიდენტმა The Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, მსგავს თავდასხმას სათანადო სამხედრო რეაქცია მოყვება.
„არ ვფიქრობ, რომ რუსეთმა შესაძლოა, ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმით ომი დაიწყოს, რადგანაც ვლადიმერ პუტინი ნამდვილად თვითმკვლელი არ არის და მან იცის თუ რა შედეგები მოყვება ამას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ შემთხვევაში არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ სათანადო სამხედრო რეაქციას ექნება ადგილი“, - განაცხადა მილოშ ზემანმა.
ამასთან, ზემანი უკრაინის გამო მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს არ ეთანხმება. მისი თქმით, ეს სანქციები თანდათან უნდა მოიხსნას, „თუ რუსეთი უკრაინის მიწაზე არ შევა“. მისივე აზრით, ეს სანქციებიც ისეთივე კონტრპროდუქტიულია, როგორიც კუბას წინააღმდეგ მიღებული სანქციები იყო.
ზემანის განცხადებით, რუსეთისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით აღმოსავლეთ უკრაინის ანექსიას აზრი არ ექნება და რუსეთი ყირიმის ანექსიით დაკმაყოფილდება.
ამასთან, ზემანმა განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში ჩავა, რათა მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ ჯარისკაცებს მიაგოს პატივი, თუმცა აღლუმს არ დაესწრება.
„მე მოსკოვში მივდივარ, რომ პატივი მივაგო გარდაცვლილებს და არა - ცოცხლებს“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ბალტიის ქვეყნები - ლიტვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთის ინტერვენციაზე განსაკუთრებით ღელავენ, მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი გაჩაღდა. ლატვიასა და ესტონეთში, მსგავსად აღმოსავლეთ უკრაინისა, მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი საზოგადოება ცხოვრობს.