„საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და მდგრადი განვითარება“

„საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და მდგრადი განვითარება“

მიმდინარე წლის 23 აპრილს (ხუთშაბათი), 10:45 საათზე, სასტუმრო Tbilisi Marriott Hotel-ში („თამარ მეფის დარბაზი“) გაიმართა კონფერენცია თემაზე - „საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და მდგრადი განვითარება“.

ეკონომისტები თანხმდებიან, რომ ეგზოგენური ფაქტორების ფონზე, საქართველოში ეკონომიკის ზრდის ტემპების დაჩქარების ერთადერთი გზა, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვაა. სწორედ ამიტომ, დღეს განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის სიჯანსაღეზე მსჯელობამ; რას აკეთებს ხელისუფლება ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად ან რა უნდა გააკეთოს; რამდენად დაცულია დღეს ინვესტორი და მის მიერ დაბანდებული ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში; რომელი პრობლემა ვერ დაიძლია და რატომ; რა შეცდომებს უშვებენ ეკონომისტები და პოლიტიკოსები ამ მიმართულებით. აგრეთვე საუბარი იქნება ლარის კურსსა და ფინანსურ სტაბილურობაზე.

კონფერენციაზე ენერგეტიკის სფეროში არსებული პრობლემები ცალკე პანელის თემა იქნება, როგორც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული დარგისა, სადაც ყველაზე დიდია ინვესტირების პოტენციალი და მისი უდიდესი ნაწილი - დღემდე აუთვისებელი. კონფერენციაზე განხილული იქნება ის პრობლემები, რომელსაც ამ სფეროში ინვესტირების მსურველები აწყდებიან. 

კონფერენციას გახსნის საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალიგაშვილი. ქალაქის მერი, დავით ნარმანია კი საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრებს. 

რამდენად დაეხმარება მშენებლობის ნებართვის გამარტივება ბინათმშენებლობის სფეროში ინვესტიციების მოზიდვას. როგორია მერიის საინვესტიციო აქტივობები და რატომ ჭიანურდება პრემიერის ინიციატივა ბინის გაქირავებიდან შემოსავლის დაბეგვრის 5%-მდე შემცირება. გარდა ამისა, კონფერენციაზე საუბარი იქნება ტარიფების სისტემების გაანგარიშებასა და რეფორმირებაზე.

კონფერენციაზე მოწვეულნი არიან ექსპერტები, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენცია საშუალებას იძლევა საინტერესო საკითხებზე ღია დისკუსიის წარმართვის.

კონფერენცია იმართება საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის, საქართველოს ბიზნეს-პალატისა და თავისუფალი ეკონომიკის ინსტიტუტი FEBI-ის ორგანიზებით და ეძღვნება ლარის შემოღების 20 წლისთავს.