სასტუმრო "თბილისი მერიოტში" საქართველო-ბელორუსის ბიზნესფორუმი იმართება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და პერსპექტივებს ეძღვნება. ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოში სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ბელორუსიის სავაჭრო-სამრეწველო პალატა. ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საქართველო-ბელორუსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში ბიუროკრატია ფაქტობრივად არ არსებობს და ამიტომ ინვესტიციების განხორციელებისთვის საინტერესო ქვეყანაა. კახა კალაძემ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ორ ქვეყანას შორის სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.
"ჩვენ ვცდილობთ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველო ინვესტიციების კუთხით, რაც ახალი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. საქართველო მდიდარია ჰიდროენერგეტიკული რესურსით. ჩვენ დაახლოებით 17-20 პროცენტი გვაქვს ათვისებული და ამ მიმართულებით მთავრობა ყველაფერს აკეთებს. საქართველოში ბევრი ინვესტიცია შემოდის უცხოეთიდან და ენერგეტიკა ამ მიმართულებით მოწოდების სიმაღლეზე დგას. ბელორუსი, იმედია, დაინტერესდება ინვესტირებით, რადგან საქართველოში მიმზიდველი ბიზნესგარემო გვაქვს. ფაქტიურად არ არსებობს ბიუროკრატია და ამიტომაა ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელების", - განაცხადა კახა კალაძემ.