ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული "სისხლის სამართლის კოდექსის" 260-ე მუხლი ახალი რედაქციით ყალიბდება - ნარკოტიკული საშუალების , მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა და გადაზიდვა მათი უკანონო გასაღებისგან იმიჯნება.
შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის ავტორები არიან იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ჯერ კიდევ მოქმედი "სისხლის სამართლის კოდექსის" 260-ე მუხლით ერთი ხარისხის დანაშაულად არის განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების როგორც უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გადაგზავნა, ისე მათი უკანონო გასაღება. ჩამოთვლილი ყველა ქმედებისათვის დაწესებულია სასჯელის ერთი და იგივე მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი.
პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით კი, 260-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ასევე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა. დანაშაულის საშიშროების ხარისხის შესაბამისად, შემცირებულია სასჯელის ზედა ზღვარი და ნაცვლად 11 წლისა, 6 წლით თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრება.
260-ე მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს ზემოთაღნიშულ ქმედებებს, ჩადენილს: დიდი ოდენობით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშული. კანონპროექტის მიხედვით, ამ ქმედებებისთვის სასჯელის ზომად განისაზღვრება ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა (მოქმედი კოდექსი 7-დან 14-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).
რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებას, აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და ისჯება სხვა ქმედებებთან შედარებით უფრო მკაცრად - თავისუფლების აღკვეთით, ვადით ექვსიდან თერთმეტ წლამდე. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი: დიდი ოდენობით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაული, პროექტის მიხედვით ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე. ქმედება ჩადენილი: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
პროექტის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა.