უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, გიორგი ჯანელიძეს საქართველოში ხვალ გადმოასვენებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს , თანამებრძოლები ჯანელიძეს დღეს მარიუპოლში გამოემშვიდობებიან, რის შემდეგაც კიევში გადაასვენებენ. ასევე, გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი. გიორგი ჯანელიძის ცხედარს სამშობლოში 23 აპრილს, საღამოს ჩამოასვენებენ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პატრიარქ ფილარეტის კურთხევით, გიორგი ჯანელიძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით "უკრაინისთვის თავდადებისა და სიყვარულისთვის". 

ბატალიონ "აზოვის" წევრი გიორგი ჯანელიძე 18 აპრილს სოფელ შიროკინოსთან ბრძოლაში დაიღუპა. საბრძოლო მოქმედებების ზონიდან მისი გამოყვანა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, ვინაიდან მოწინააღმდეგეებმა ცხედარი დანაღმეს. საბოლოოდ გადმოსვენება ეუთო-ს დამკვირვებელთა დახმარებით მოხერხდა.

ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის განცხადებით, გიორგი ჯანელიძის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.