განათლების სამინისტრო სკოლებში ხუთი წლის ბავშვების დაუშვებლობის გადაწყვეტილების გადახედვას არ გეგმავს

განათლების სამინისტრო სკოლებში ხუთი წლის ბავშვების დაუშვებლობის გადაწყვეტილების გადახედვას არ გეგმავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში ხუთი წლის ბავშვების დაუშვებლობის გადაწყვეტილების გადახედვას არ გეგმავს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განუცხადა, სამინისტროს მხრიდან ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ამ ეტაპზე პარლამენტში მიმდინარეობს საკითხის განხილვა, თუმცა უწყება 23 აპრილიდან პირველ კლასში მოსწავლეების მიღებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოაცხადებს. 

"განათლების სამინისტრო გადაწყვეტილების გადახედვას არ გეგმავს, რადგან ეს გადაწყვეტილება მიღებულია კვლევებზე დაყრდნობით. თითქმის წელიწადზე მეტი დაჭირდა ამ გადაწყვეტილების შემუშავებას. ჩვენ კომპლექსურად განვიხილეთ საკითხი, არაერთ ექსპერტთან ერთად. გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო კვლევის შედეგებზე და რეკომენდაციებზე", - აღნიშნა ლია გიგაურმა. 
"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, დეპუტატ კობა სუბელიანის ინიციატივის დამტკიცებისა და 5 წლის ბავშვების სკოლაში დაშვების შემთხვევაში რა გამოწვევების წინაშე დგება სახელმწიფო, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ სამინისტრო გადაწყვეტილების გადახედვას არ მოელის, რადგან კანონი მიღებულია ამავე პარლამენტის მიერ. მისივე თქმით, თუკი ამ ეტაპზე რაიმე შეიცვლება, სამინისტრო ახალი კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს. 

"სკოლაში მიღებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ვიწყებთ. სკოლები მომზადებულია კანონმდებლობის შესაბამისად იმ კონტინგენტის მისაღებად ვისაც წელს სკოლაში შესვლა ეკუთვნის. საუბარია როგორც სახელმძღვანელოებზე, ასევე საკლასო ოთახების რაოდენობაზე, პედაგოგების, პირველი კომპიუტერის დაგეგმავზე და ა.შ. მთელი რიგი პროცესებია დაკავშირებული მოსწავლეთა რაოდენობასთან. ჩვენ არ მოველით რომ ეს გადაწყვეტილება გადაიხედება, რადგან ეს გადაწყვეტილება მიღებული და გაზიარებული იყო იმავე პარლამენტის მიერ, როდესაც კანონში ცვლილება შევიდა, არგუმენტები მათი მხრიდან იყო გათვალისწინებული. თუ ამ ეტაპზე რაიმე შეიცვლება, ჩვენ ვიმოქმედებთ იმ ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც იქნება", - აღნიშნა ლია გიგაურმა. 

მისივე ინფორმაციით, სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 23 აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაცია გასული წლების მსგავსად სამეტაპიანი იქნება. პირველ ეტაპზე იმ სკოლის მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომელთა მშობლებიც სკოლებში მუშაობენ, რომელთა და-ძმა უკვე სწავლობს სკოლაში, ან თუ ისინი ტყუპები არიან.