ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება

ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება. 
როგორც კობახიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში აღნიშნა, ყველა მხარემ ამ მოლაპარაკებების პროცესში სახელმწიფოებრივი მიდგომა უნდა გამოავლინოს. 

"იძულებას არავითარ შემთხვევაში არ ექნება ადგილი. საკითხი აუცილებლად გადაწყდება მოლაპარაკებების რეჟიმში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ გამოავლინოს სახელმწიფოებრივი მიდგომა. სახელმწიფოებრივი მიდგომის გამოვლენის შემთხვევაში პროცესი წარიმართება ისე, როგორც ეს შედის სახელმწიფოს ინტერესებში", - განაცხადა კობახიძემ. 

მისივე თქმით, პრეზიდენტის რეზიდენციის შესახებ კანონმდებლობით გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. 

"თუ საკითხი არის გადასაწყვეტი, იურიდიული მექანიზმი მთავრობას თავისუფლად შეუძლია მოძებნოს. პრეზიდენტს თავის ბრძანებულებაში შეუძლია ყველა სახელმწიფო შენობა დაასახელოს მის ადგილსამყოფლად, თუმცა ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეუზღუდავს მთავრობას იმის შესაძლებლობას, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილებები ქონების განკარგვისა და მართვის თაობაზე. ეს არის მთავრობისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, მაშინ, როდესაც პრეზიდენტს კონსტიტუციით თავისი რეზიდენციის დასახელების უფლებამოსილება მინიჭებული არ აქვს. ეს არის მნიშვნელოვანი იურიდიული ნიუანსი", - აღნიშნა კობახიძემ.