კახა კოჟორიძე - დამისახელონ პრეზიდენტზე უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკური თანამდებობის პირი და ამ ჭარბ ფართს დავუთმობთ მას

კახა კოჟორიძე - დამისახელონ პრეზიდენტზე უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკური თანამდებობის პირი და ამ ჭარბ ფართს დავუთმობთ მას

ბიძინა ივანიშვილი თავადვე ადგენს თავის წესებს და ამ წესების მიხედვით პრეზიდენტი უნდა იყოს იქ, სადაც ადგილს მიუჩენენ, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს შენარჩუნებული აქვს გავლენები და ყველა უნდა დაემორჩილოს მის მიერვე შედგენილ თამაშის წესებს. 
"მან დღევანდელ კომენტარშიც განაცხადა, რომ ყველა უნდა დაემორჩილოს თამაშის წესებს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში არის თამაშის წესები არის მარტივი, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს იქ, სადაც მას მიუჩენენ ადგილს და პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს ის, რაც ბატონ ბიძინას სურს. ამ თამაშის წესებს ბიძინა ივანიშვილი თავად ადგენს. მას შემდეგ, რაც ბატონმა პრეზიდენტმა გამოავლინა განსხვავებული ხასიათი, პიროვნული დაპირისპირება გაღვივდა და სამწუხაროდ, წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ამ დაპირისპირების მაგალითს, რომელიც აზარალებს ქართულ სახელმწიფოს", - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა. 

მისივე თქმით, კეთდება განცხადებები, რომ პრეზიდენტს აქვს ჭარბი ფართი, არ უნდა ჰქონდეს პომპეზური სასახლე, თუმცა კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი არის უმაღლესი ლეგიტიმაციის პოლიტიკური პირი. 

"რაც შეეხება ჭარბ ფართს და განცხადებებს, რომ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს ასეთი პომპეზური სასახლე, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ის არის ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი, ხელმძღვანელობს ეროვნულ უშიშროების საბჭოს, არის პირდაპირი არჩევნებით არჩეული უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი და შესაბამისად აქვს ყველაზე მეტი ლეგიტიმაცია. დამისახელონ მასზე უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკური თანამდებობის პირი და ამ ჭარბ ფართს დავუთმობთ მას", - განაცხადა კოჟორიძემ. 
მისივე თქმით, პრეზიდენტისთვის რეზიდენციის შეცვლა როგორც ჩანს მნიშვნელოვანია არა მთავრობისთვის, არამედ ბიძინა ივანიშვილისთვის. მრჩეველი განმარტავს, რომ ყოფილმა პრემიერმა ბოლო კვირების განმავლოში განსაკუთრებით აქცენტირებულად ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს ჭარბი ფართი. 

"მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ ეს საკითხი გააჟღერა, მეორე დღეს, მთავრობის სხდომაზე იყო გამოძახილი ბატონი ბიძინას დაჟინებული განცხადებების. თავის მხრივ, მთავრობას დიდი ხანია მიწოდებული აქვს პრეზიდენტის პოზიცია. ჯერ იყო ზეპირი კომუნიკაცია, ხოლო წერილობით გასული წლის ივლისში მთავრობას ოფიციალურად მიეწოდა ინფორმაცია. მას შემდეგ რაიმე სახის კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ შემდგარა", - განაცხადა კოჟორიძემ. 

ამასთან, კოჟორიძე ინტერესდება თუ თავიდანვე ათონელის რეზიდენცია იყო პრეზიდენტისთვის განკუთვნილი, მაშინ პრეზიდენტისთვის განკუთვნილი ობიექტი საპრივატიზაციო ნუსხაში რატომ ჩაისვა.