C ჰეპატიტისგან ასეულობით ათასი  მოქალაქე განიკურნება

C ჰეპატიტისგან ასეულობით ათასი მოქალაქე განიკურნება

დღეიდან C ჰეპატიტით დაავადებულთა  მკურნალობის ახალი პროექტი დაიწყო.  საქართველოს მთავრობასა და კომპანია "გილეადს" შორის ხელმოწერილი მემორანდუმის ამ მიზანი "დაავადების  ელიმინაცია  და ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირებაა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის  ვალერი კვარაცხელიას თქმით, უფასო მედიკამენტებით, პირველ რიგში, იმ პირთა მკურნალობა დაიწყება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე მძიმეა.

პაციენტთა რეგისტრაცია "სოციალური მომსახურების სააგენტოებში" მოხდება, რის შემდეგაც მათ მონაცემებს სპეციალური კომისია განიხილავს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მემორანდუმის ამოქმედების შედეგად, ასეულობით ათასი  მოქალაქე განიკურნება და დაამარცხებს ისეთ მძიმე დაავადებას, როგორიც  C ჰეპატიტია.

საფუძველი ეყრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის უპრეცედენტო პროექტს, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ მოიძებნება. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც  ამ უმძიმეს დაავადებას აღმოფხვრის.

პროგრამა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭრით, კერძოდ, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ უშუალო მონაწილეობით.

რადგან საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი არის ჯანდაცვა, ქვეყანაში განხორციელდა უპრეცედენტო პროექტები ჯანდაცვის მიმართულებით, „გილეადმა“ მიიღო გადაწყვეტილება, განეხორციელებინა პროექტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება C ჰეპატიტის  სრულად დამარცხება.

მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის საერთოდ ხელმიუწვდომელი იყო ჯანდაცვა. ხშირად ოჯახები მკურნალობისთვის, მათ შორის C ჰეპატიტის ვირუსთან ბრძლის დროს, იძულებული იყვნენ აეღოთ სესხი, ან სულაც გაეყიდათ სახლ-კარი, რაც ოჯახების  გაღატაკებას იწვევდა. ამიტომაც, მოსახლეობა  მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავდა სამედიცინო დაწესებულებას, რაც ხშირად დაგვიანებულიც კი იყო და მძიმე შედეგებით მთავრდებოდა.

რაც შეეხება C ჰეპატიტის ვირუსთან ბრძოლას, პროექტს საფუძველი ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს ჩაეყარა.   პირველ ეტაპზე  ინტერფერონი შეღავათიან ფასად მიეწოდებოდა პაციენტებს, ხოლო  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს უფასოდ მკურნალობდნენ .

დღეს მთავრობას აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველო  გახდება ქვეყანა, რომელშიც მოხდება c ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობა-სიკვდილიანობის შემცირება და ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია.

დღეს, მემორანდუმის ხელმოწერის შედეგად, საქართველოში შემოვა C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის - „სოფუსბუვირის“ პირველი პარტია, რომელიც ჯერჯერობით განსაკუთრებით მძიმე პაციენტისთვის იქნება განკუთვნილი. წამალი, რომელიც უსასყიდლოდ მიეწოდებათ პაციენტებს, გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით, გვერდითი მოვლენების სიმცირით და იძლევა თითქმის სრული განკურნების შანსს. აქამდე, C ჰეპატიტით დაავადებული, 200 000-მდე საქართველოს მოქალაქიდან, სრულფასოვნად მკურნალობას დაახლოებით 10 ადამიანი თუ ახერხებდა, ახლა კი  მკურნალობა ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.

სოციალურად დაუცველები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70000-ს ქვემოთაა, დიაგნოსტიკურ კომპონენტში სახელმწიფოსგან მიიღებენ 70 პროცენტიან დაფინანსებას. სხვა პაციენტების დიაგნოსტიკური კვლევები დაფინანსდება 30%-ით.

პროგრამით ისარგებლებს ყველა პაციენტი, ოღონდ პირველ ეტაპზე ჩაერთვებიან პაციენტები,  რომელთაც აქვთ C ჰეპატიტის მძიმე ფორმები.