საქართველოს მთავრობასა და კომპანია “გილეადს” შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალ პროექტს, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა და რომლის მიზანია C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში, ასევე ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება, გარდა ამისა, ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, კომპანია “გილეადის” გენერალურმა დირექტორმა ჯონ მარტინმა და კომპანიის ვიცე პრეზიდენტმა გრეგ ალტონიმ.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგენკოოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის ღონისძიებები დაავადების პრევენციასთან ერთად ითვალისწინებს დაავადებული პაციენტებისთვის C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის მედიკამენტების მიწოდებას, ასევე აუცილებელი დიაგნოსტიკური კვლევების თანადაფინანსებას.
“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დაავადებულია C ჰეპატიტით და ესაჭიროება მკურნალობა, მიიღებს იმ უსაფრთხო, თანამედროვე, ეფექტური პრეპერატებს, რომელიც კი დღეის მდგომარეობით არსებობს. მკურნალობის ღირებულება მათთვის იქნება ნული. რაც შეეხება დიაგნოსტიკის კომპონენტს, სოციალურად დაუცველებისთვის ეს პრაქტიკულად არაფერი ეღირება – 70%-ს აფინანსებს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, 30%-ის შემთხვევაში ვიმედოვნებთ, რომ დაავადებულებს დაეხმარება ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. დიაგნოსტიკის ღირებულება ჯამში არის 480 ლარი, შესაბამისად 30% გამოდის 144 ლარი. ყველაზე ცუდ შემთხვევაში 144 ლარი დაუჯდება პაციენტს მკურნალობის კურსი, რომლის საბაზრო ღირებულებაც უახლოვდება 100 000 ამერიკულ დოლარს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
პროექტის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის პრეპარატები “სოფოსბუვირი” (I ეტაპი) და “ჰარვონი” (II ეტაპი), რომლებიც წინა თაობის მედიკამენტებისგან განსხვავებით, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით და გვერდითი მოვლენების სიმცირით.