პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყველას მოუწოდებს, პანკისის თემით სპეკულირებას თავი დაანებონ, რადგან ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
„პანკისელები არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და განსაკუთრებული, განსხვავებული მიდგომა არ გაგვაჩნია მათ მიმართ. წინა მთავრობის მხრიდან, მათ მიმართ მიდგომა გულგრილი იყო, თუმცა ჩვენ ეს შევცვალეთ. ასე რომ, თუ 2-3 ადამიანი ცდილობს ახალგაზრდების გადაყვანას სირიაში, ამას სამართალდამცველები მიხედავენ. ასე რომ, არავითარი პრობლემა არ იქნება. ამ თემებით სპეკულირებას თავი დაანებო, ეს დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის“, განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყნის იმიჯისთვის არ არის სასურველი, როდესაც პანკისის მოვლენების გაშუქება არაბუნებრივი ისტერიის ფონზე მიმდინარეობს.
„პანკისის ხეობის მიმართ ასეთი არაბუნებრივი ისტერიის ფონზე ამ თემების გაშუქება არის ყოვლად დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის, მისი იმიჯისთვის და ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხები. ყველას გთხოვთ, კიდევ ერთხელ კარგად გაიაზროთ თუ რა ქმედებით ძაბავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, - განაცხადა პრემიერმა.