პრემიერი მიიჩნევს, რომ გურჯაანის მოსახლეობამ

პრემიერი მიიჩნევს, რომ გურჯაანის მოსახლეობამ "ნაციონალებს" სამართლიანად და ადეკვატურად უპასუხა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვლი "ნაციონალურ მოძრობას" გურჯაანის გამგეობის მუშაობაში ჩარევაში ადანაშაულებს და მუნიციპალიტეტში გუშინ განვითარებულ მოვლენებს აღმაშფოთებელ ფაქტს უწოდებს .

როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურანლისტებს განუცხადა, დაუშვებელია, როცა ოპოზიციის წარმომადგენლები ბედავენ რაიონის გამგეობაში მისვლას და მისი პარალიზებას.

"სამწუხაროა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მათი ლიდერები მთელი შემადგენლობით ჩავიდნენ გურჯაანში. ყოვლად დაუშვებელი და აღმაშფოთებელი ფაქტია, რომცა ე.წ. ოპოზიციის წვერები ბედავენ და მიდიან რაიონის გამგეობაში. ყოვლად დაუშვებელია ის, რაც მათ გააკეთეს - მოახდინეს გამგეობის მუშაობაში პიდაპირი ჩარევა და ჰქონდათ მისი პარალიზების მცდელობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, კვერცხების სროლის წინააღმდეგია, მაგრამ "ნაციონალებს" ადგილობრივმა მოსახლეობამ "სამართლიანად და ადეკვატურად უპასუხა".

"მე ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად სამართლიანად და ადეკვატურად უპასუხა "ნაციონალებს" გურჯაანის მოსახლეობამ. ადეკვატური იყო თავად გურჯაანის გამგეობისა და გამგებლის ქმედება, რომელმაც აბსოლუტურად კანონის დაცვით მიმართა დეპუტატ ღვინიაშვილს, რომ გამგეობა დაეტოვებინა. რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელია ის, როგორ განვითარდა მოვლენები - ვგულისხმობ კვერცების სროლას და ა.შ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ ქართველი ხალხი არასდროს აღარ დაუშვებს "ნაციონალური მოძრაობის" რაიმე პროვოკაციულ ქმედებას.

"ძალიან გთხოვთ, ყველამ კარგად დაიმახსოვროთ, რომ ქართველი ხალხი არასდროს აღარ დაუშვებს "ნაციონალური მოძრაობის", ამ დესტრუქციული ძალის რაიმე პროვოკაციულ ქმედებას და მას ხალხმა უპასუხა ისე, როგორც ამას იმსახურებდა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.