უმრავლესობის ერთერთი ლიდერის გოგი თოფაძის განცხადებით, საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში კადრების ნათესაობის ნიშნით დანიშვნა ნეპოტიზმს არ ნიშნავს.
ამ განცხადებამ „კომერსანტის“ რედაქციის აღშფოთება გამოიწვია, ამიტომ გვინდა მივმაროთ და ვურჩიოთ გოგი თოფაძეს, და ნებისმიერ იმ ადამიანს, ვისაც საქართველოში პოლიტიკოსოსობის ამბიცია გააჩნია, სანამ პარლამენტში და ზოგადად პოლიტიკაში მივლენ, თანამედროვე დემოკრატიის ელემენტარული ანბანი შეისწავლონ.
თუ საბჭოთა კავშირის დროს პოლიტელიტას შესაბამის ლიტერატურაზე ხელი არ მიუწვდებოდა, დღეს არსებობს ინტერნეტსივრცე, სადაც შესაძლოა ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება და ნებისმიერ სფეროში საბაზისო ინფორმაციის მიღება.
მანამდე ჩვენ განვმარტავთ, რას ნიშნავს ნეპოტიზმი – ესაა „თანამდებობის პირთა მიერ თავიანთი ნათესავების, ახლობლების მფარველობა“.
უფრო დაწვრილებით რომ განვმარტოთ, პრობლემაა არა ნათესავის თანამდებობაზე დანიშვნა, არამედ ამ თანამდებობისთვის შეუფერებელი ნათესავის მიყვანა და ამის სანაცვლოდ კვალიფიციური კადრის დაბლოკვა.
ბატონ თოფაძეს შევახსენებთ, რომ ყველა კადრი უნდა დაინიშნოს პიროვნული უნარჩვევებიდან, განათლებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის რომელიმე გავლენიანი ჩინოვნიკის ახლობელია.
„ქართულ ოცნებას“ აქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ დემოკრატიულ ქვეყანას აშენებს, ამ ფონზე კი მისი წევრები და განსაკუთრებით ლიდერები მსგავსი ტიპის განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. მითუმეტეს უცნაურია ასეთი განცხადება საზოგადოებაში ისეთი აქტიური პოლიტიკოსის და ბიზნესმენისგან როგორიც გოგი თოფაძე.
უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ ნეპოტიზმთან დაკავშირებით განცხადება დღეს, ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა. ის მიიჩნევს, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და სწორედ ამიტომ დაფიქსირდა ნეპოტიზმის რამდენიმე ფაქტი.
"საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ იმაზე აჟიტირება, ვიღაცამ ვიღაცა მოიყვანა, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ვიღაცის ნათესავი, არ ნიშნავს, რომ ნეპოტიზმია. ფაქტია, რომ რამდენიმე შემთხვევა იყო, რაზეც ხელმძღვანელობამ მიიღო ზომები. ამაზე აჟიტირება არ არის სწორი. საქართველო პატარა ქვეყანაა. ყველას ჰყავს ნათესავი, მეზობელი, მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი გამოსწორებულია და ჩვენი მთავრობა კარგად მუშაობს", - განაცხადა გოგი თოფაძემ.