დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, როგორც სირიიდან, ისე ჩრდილოეთ ერაყიდან დევნილ მოქალაქეებთან დაკავშირებით, სახელმწიფოს პოლიტიკა მკაცრად არის განსაზღვრული.
მისი განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ორი ქვეყნიდან საქართველოს საზღვარს მოადგება და თავშესაფარს ითხოვს, მისი საქართველოში შემოშვება დაბრკოლებების გარეშე ხდება.
„არანაირ ვიზებს მნიშვნელობა არ აქვს. მათი საკითხის შესწავლა დაჩქარებული წესით - მაქსიმუმ ერთი, ორი, სამი თვის განმავლობაში ხდება და დასაბუთების შემთხვევაში, მათ ჰუმანიტარული ან ლტოლვილის სტატუსი ენიჭებათ. ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში, ამ ორი ქვეყნიდან მომართვა 2 100-ზე მეტია, თუმცა მათმა უმრავლესობამ, დაახლოებით 1 200-მა ადამიანმა, სტატუსის მიღებაზე საბოლოო ჯამში უარი თქვა, როდესაც მათ გაარკვიეს, რომ სტატუსის მიღებით ევროპის, აშშ-ის და კანადისკენ გზა ეკეტებოდათ, სადაც წასვლა ურჩევნიათ. მათ უარი თქვეს საქართველოზე. მათმა უმრავლესობამ საქართველო უკვე დატოვა. ბევრი დარჩა ქვეყანაში, ბევრის სტატუსის განხილვის სტადიაშია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი განმარტებით, სირიელ და ერაყელ ლტოლვილებს საქართველოში სტატუსის მიღებით სხვა ქვეყნებისკენ გზა იმის გამო ეკეტებოდათ, რომ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად არის მიჩნეული და ამ ქვეყანაში ჰუმანიტარული ან ლტოლვილის სტატუსის მიღების შემთხვევაში, პირი სხვა ქვეყანაში ვეღარ გადავა.
მინისტრმა აქვე ისიც აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე ლტოლვილების მიმართ მიდგომა მკაცრი იყო, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სტატუსი თითქმის ყველას ეძლევა.
„საქართველომ ამ მხრივ ძალიან ლიბერალური მიდგომა მიიღო, ისევე, როგორც უკრაინის შემთხვევაში. კანონით, საქართველოს სრული უფლება აქვს, უკრაინიდან ლტოლვილ არცერთ ადამიანს სტატუსი არ მისცეს, რადგან საკუთარი ქვეყნის შიგნით მათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება აქვთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ყველა ადამიანს, ვინც საქართველოში აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებიდან შემოდის, დაჩქარებული და გამარტივებული წესით ეძლევათ სტატუსი“, - განაცხადა სუბარმა.