აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

23 აპრილს, თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქართული მხრიდან შეხვედრას უხელმძღვანელებენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ხოლო შეერთებული შტატების მხრიდან კი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ტოდ ჩეპმენი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ეველინ ფარკასი.

როგორც კერესელიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით, ასევე მომოიხილავენ რეგიონული და მრავალმხრივი უსაფრთხოების საკითხებს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონში არსებულ გამოწვევებს, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებისა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებს, ასევე სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე საერთო მიდგომების შემუშავებას.

გარდა ამისა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 22-24 აპრილს იგეგმება ჩინური ენერგეტიკული კომპანიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომელსაც უხელმძღვანელებს ამ კომპანიის თავმჯდომარე ვანგ ლუჯუნი. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ენერგეტიკის სექტორის საინვესტიციო პროექტებში კომპანიის მონაწილეობის საკითხები.