აშშ-ის საელჩო სავიზო განაცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

აშშ-ის საელჩო სავიზო განაცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოში აშშ-ის კონსულის კრისტა პეროზოს განცხადებით, სავიზო განაცხადების პროცესში დიპლომატიურ უწყებას შუამავლები არ ჰყავს და არც ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობს.

პეროზო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ „ჯინო თრეველის“ დირექტორმა მოქალაქე თაღლითურად მოატყუა იმით, რომ საელჩოსთან თანამშრომლობდა.

„აშშ-ის საელჩო აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას სავიზო თაღლითობის გამოძიებისა და აღკვეთის კუთხით, რათა თავიდან იქნას აცილებული მოქალაქეთა თაღლითობაში ჩაბმა. გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ საელჩოს სავიზო განაცხადების პროცესში შუამავლები არ არსებობენ და საელჩო არ თანამშრომლობს არცერთ ტურისტულ სააგენტოსთან, ან რომელიმე სავიზო-საშუამავლო სამსახურთან“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ს კონსულმა კრისტა პეროზომ.

მან ასევე მოქალაქეებს მოუწოდა, მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ან აშშ-ის საელჩოს მიმართონ.

აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ჯეისონ ფიზნერმა კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის პროკურატურას მჭიდრო ურთიერთობისთვის მადლობა გადაუხადა და მათი თავდადებული პროფესიონალიზმი გამოყო.

ფიზნერმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ უწყებებთან წარმატებული თანამშრომლობა გაგრძელდება.