რაც სირიაში ხდება, იმაზე საერთაშორისო საზოგადოებაა პასუხისმგებელი. საერთაშორისო უსაფრთხოების ის მოდელი, რაც ახლა გვაქვს, არ არის ეფექტური მსგავს კრიზისებთან საბრძოლველად, – ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში თურქეთის ელჩმა ლევენთ გუმრუქჩუმ განაცხადა.
თურქეთის ელჩმა საქართველოდან თურქეთის გავლით სირიასა და ერაყში ახალგაზრდების გამგზავრებასა და "ისლამური სახელმწიფოს" დროშის ქვეშ ბრძოლაში ჩართვაზეც ისაუბრა. "კვირის პალიტრა" ლევენთ გუმრუქჩუსგან დაინტერესდა იმ საკითხით, თუ რა უნდა იღონოს საქართველომ პრობლემის გადასაჭრელად.
"საუბედუროდ, საკმარისად არის ხალხი, ვინც ამას აკეთებს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის მრავალ ქვეყანაშიც. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსახლეობას, განსაკუთრებით მუსლიმებს, გავაგებინოთ, რომ იმას, რასაც ე.წ. ხალიფატი აკეთებს, საერთო არაფერი აქვს ისლამთან; რომ პირიქით, ეს უპირველესად ისლამს ეწინააღმდეგება. მეორე მხრივ, აუცილებელია, მათთან ბრძოლაში გააქტიურება. თუ მხოლოდ იმ რეგიონებს დავუპირისპირდებით, რომელთაც ისინი აკონტროლებენ, ეს დროებითი გამარჯვება იქნება. საჭიროა მათი ძირფესვიანად ამოძირკვა, ეს კი მხოლოდ სირიის კრიზისის მოგვარებით გახდება შესაძლებელი. რაც შეეხება თურქეთს, მინდა ვთქვა, რომ ექსტრემისტები სხვა ქვეყნებსაც იყენებენ სირიაში მოსახვედრად: ლიბანს, იორდანიასა და ერაყს. მეორე მხრივ, სირიასა და თურქეთს შორის საზღვრის სიგრძე 911 კმ-ია და შეუძლებელია 100%-იანი კონტროლის დაწესება. ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ახლახან დაიწყო ჩვენთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა იმ პირთა შესახებ, რომელიც პოტენციური ექსტრემისტები არიან და შედეგად, სირიაში თურქეთიდან გადამსვლელთა რაოდენობა ძალიან შემცირდა. რაც შეეხება პანკისსა და საქართველოს, მე შევხვდი მთავრობის წარმომადგენლებს და მოხარული ვარ, რომ მზად არიან ამ პრობლემის გადასაჭრელად.
"კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუ მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობას პრობლემის მოსაგვარებლად სწორი პოზიცია უკავია.
"უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს იმ მიზეზების გამოვლენას, თუ რატომ სწირავენ ეს ახალგაზრდები თავიანთი ცხოვრების საუკეთესო წლებს ისეთ მონსტრს, როგორიცაა ე.წ. ხალიფატი. ეკონომიკური მიზეზებია თუ ინტეგრაციის ნაკლებობა, საჭიროა ამ პრობლემების გადაწყვეტა და ამ ადამიანებისთვის ალტერნატიული არჩევანის შესაძლებლობის მიცემა. მოხარული ვარ, რომ ამ კუთხით საქართველოს მთავრობას სწორი პოზიცია უჭირავს. ისინი ცდილობენ მოსახლეობას დაანახონ, რომ ეს არ არის ისლამი. ამასთან, მუშაობენ პანკისში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე", - განაცხადა ლევენთ გუმრუქჩუმ.