გურჯაანის გამგეობაში პოლიციაა მობილიზებული

გურჯაანის გამგეობაში პოლიციაა მობილიზებული

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, ამ წუთებში გამგებლის , გია გერგიძის კაბინეტში პილიციის ათამდე თანამშრომელი იმყოფება. გამგებლის კაბინეტში ჟურნალისტებს არ უშვებენ.

პოლიციის გამოძახების შემდეგ, გამგებელმა მოქალაქეთა მიღება შეწყვიტა. გამგეობაში პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მოქალაქეთა მიღებაზე დასწრების სურვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ახლად შექმნილი ანტიკორუფციული კომისიის წევრებმა გამოთქვეს. 

"ნაციონალურმა მოძრაობამ" გურჯაანში გამგებლის "კორუფციული საქმიანობის" შემსწავლელი კომისია შექმნა. პარტიის წევრები, აქტივისტებთან ერთად, დღეიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მუშაობას ადგილზე გააკონტროლებენ. ამის შესახებ განცხადება გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ღვინიაშვილმა გურჯაანში ანტიკორუფციული კომისიის პირველ სხდომაზე გააკეთა.

ღვინიაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივი ხელუსუფლების საქმიანობას საქართველოს ყველა რეგიონში შეისწავლის.