პუტინს უკრაინაში დესტაბილიზაციის გამოწვევის რამდენიმე გეგმა აქვს, - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ტელეარხ "უკრაინასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ესკალაციის გამოწვევას მაისის დღესასწაულებამდე გეგმავს.
"მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, კიევში, ოდესაში, ხარკოვსა და დნეპროპეტროვსკში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეროვნული გვარდიის სამხედროები განლაგდებიან. ასევე იმ ქალაქებშიც, სადაც შევნიშნავთ, რომ დესტაბილიზაციის საფრთხეა" , - განაცხადა არსენი იაცენიუკმა.
უკრაინის პრემიერმა ჟურნალისტ ოლეს ბუზინასა და ოპოზიციონერ ოლეგ კალაშნიკოვის მკვლელობების საკითხთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ორივე მკვლელობა ანტიუკრაინული ძალების მიერაა ჩადენილი.
"ეს ანტიუკრაინული ძალების მიერ არის ჩადენილი და იგი ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის რუსული სცენარის კლასიკური მაგალითია. ყველაფერთან ერთად პუტინს აქვს დესტაბილიზაციის რამდენიმე გეგმა. მოქალაქეების უსაფრთხოება, ტერორიზმთან ბრძოლა და პროვოკაციების აღმოფხვრა არის ჩვენი მთავარი ამოცანა მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით" , - განაცხადა იაცენიუკმა.