სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და ომში დაღუპულ პოლიციელთა ოჯახის ფინანსური დახმარების შესახებ კანონპროექტი მთავრობას პარლამენტში წარსადგენად უკვე მზად აქვს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ მათ მიერ მომზადებული კანონპროექტით აღნიშნული კატეგორიის სამართალდამცველთა ოჯახები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 1 000-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
"შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ ჯარისკაცებს დავუწესეთ ყოველთვიური დახმარება. გასულ წელს ეს იყო 500-ლარიანი დახმარება, უკვე წელს კი ჯარისკაცების ოჯახებს 1 000-ლარიანი დახმარება ეძლევათ. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ჩვენ ოფიციალურად მივმართავთ პარლამენტს, განიხილოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან ომში დაღუპული პოლიციელების ოჯახების დახმარებასთან დაკავშირებული კანონპროექტი და დავამტკიცოთ ის, რათა მათ დაენიშნოთ 1 000-ლარიანი ყოველთვიური დახმარება", - განაცხადა პრემიერმა.